LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვილებისთვის ხელოვნურ რძეზე აქციებს კანონი კრძალავს – ნორმა, რომელმაც დროს გაუძლო

423
rdze

6 თვემდე ასაკის ჩვილების საკვების მოკლევადიან შეღავათიან ფასად გაყიდვას როგორც კომპანიებისთვის, ისე სააფთიაქო და სხვა სარეალიზაციო ქსელებისთვის, კანონი კრძალავს.

კანონი, რომელიც ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით მიიღეს, 1999 წლიდან მოქმედებს და მოქმედია დღემდე. ეს ნორმა კი პირდაპირ უკრძალავს კომპანიებს ხელოვნურ საკვებზე, და არა დამატებით კვებაზე (ფაფები, იოგურტები, ხილფაფები და ა.შ), მოკლევადიანი აქციები, ფასდაკლებები ან სხვა წამახალისებელი სერვისები შესთავაზოს მომხარებელს.

სალომე ბერიძე დაახლოებით 4 თვეა შვილს ერთ-ერთი კომპანიის რძის ფორმულას აჭმევს. მას თვეში დაახლოებით 12-15 კოლოფის შეძენა უწევს, თითოეული კი 23 ლარი ღირს.

როგორც სალომე ბერიძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, მას კონკრეტული ფასდაკლებით არასდროს უსარგებლია, გარდა სააფთიაქო ქსელების მიერ შემოთავაზებული შიდა ფასდაკლებისა კონკრეტულ დღეებში.

„საკმაოდ ძვირია. სხვა გამოსავალი არც მაქვს. ერთი თვე მყავდა ბუნებრივ კვებაზე და შემდეგ იძულებული გავხდი სრულად ხელოვნური საკვები მიმეცა. 23 ლარი ღირს თითო კოლოფი, რომელიც საშუალოდ 2 დღე ყოფნის. ხანდახან 1-2 ლარით იაფიც მიმიცია, თვითონ აფთიაქს რომ აქვს ხოლმე ფასდაკლების დღეები,“ – აღნიშნა სალომე ბერიძემ.

მიუხედავად კანონით აკრძალვისა, 7 თვის გაბრიელის დედა ნინი ართოტელი „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მას უსარგებლია ბავშვთა ხელოვნურ საკვებზე – რძის ფორმულაზე გამოცხადებული აქციით.

როგორც ის ამბობს, დამატებით კვებაზე, რომელშიც შედის ფაფა და ა.შ, ხშირია ფასდაკლებები და აქციები, თუმცა, რძეზე ერთადერთი შემთხვევა ახსენდება და ისიც ახალი წლის წინაა დღეებში.

„სხვა რა გზა მაქვს, იძულებული ვარ ვუყიდო რძე და ვაჭამო. ახლა შედარებით უკეთესადაა საქმე, ფაფასაც ჭამს და სხვა კვებაც დაემატა, მაგრამ როცა მხოლოდ რძეზე იყო პირველი ოთხი თვე, სრულიად შეუძლებელია გაწვდეს ადამიანი ფინანსურად ამ ყველაფერს უმტკივნეულოდ,“ – აღნიშნა ნინი ართოტელმა.

მომხმარებლების თხოვნას რძეებზე აქციების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ბავშვთა კვების ერთ-ერთმა კომპანიამ საკუთარ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ისინი კანონის ნორმას სრულად იცავენ და აქციებსა და ფასდაკლებებს მხოლოდ ამიტომ ვერ აცხადებენ.

„ხელოვნურ კვებაზე ნებისმიერი სახის აქცია იკრძალება საქართველოს და არა მარტო საქართველოს კანონმდებლობით, ახალ წელს რძეებზე აქციები ორგანიზებული იყო სააფთიაქო ქსელების მიერ. ასე რომ, ჩვენ ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ“, –  წერს კომპანია საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე.

როგორც იურისტები განმარტავენ, კანონი ყველა შემთხვევაში თანასწორია, ეს იქნება კომპანია თუ რეალიზატორი კომპანია.

„ვინც ბავშვთა პროდუქტების რეალიზაციას ახდენს, კანონის ეს ნორმა და შეზღუდვა ვრცელდება მასზე,“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

1999 წელს მიღებულ კანონში კი ვკითხულობთ: ამ კანონის მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის, ბუნებრივი კვების პრაქტიკის ხელშეწყობის, დაცვისა და პროპაგანდის, აგრეთვე ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გავრცელების რეგულირების გზით.

გაუგებარია, რატომ არის კანონის მიზანი ბუნებრივი კვების პრაქტიკის ხელშწყობა მისი სარეალიზაციო ფასისზე აქციების დაწესების შეზღუდვით. თუ დედას არ აქვს შესაძლებლობა რომ ბავშვს ბუნებრივი საკვები შესთავაზოს, მაშინ მას ერთადერთი გზა რჩება ხელოვნური რძის, იგივე ფორმულას ყიდვის. ასეთი კვების რეჟიმი დაახლოებით თვემდე გრძელდება, სანამ სხვა დამატებითი საკვები არ ერთვება ბავშვის დღის რაციონში.

თავად კანონმდებლები პირობას დებენ, რომ ამ ნორმას პედიატრებთან შეთანხმებით გადახედავენ.

„ეს რეკომენდაცია მოდის პედიატრებისგან და „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ რეკომენდაცია არის იმდაგვარი, რომ ბავშვთა ბუნებრივი კვება არის უპირატესი, ვიდრე ხელოვნური საკვები. რადგან ეს პედიატრების მოწოდებული იყო და სხვადასხვა რეკომენდაციები და საერთაშორისო პრაქტიკაც გვაჩვენებს, რომ არის ამდგვარი რეკომენდაციები, შესაძლებელია კიდევ ერთხელ გავიაროთ პედიატრებთან და მოვისმინოთ არგუმენტები. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს რეგულაცია უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა პარლამენტს  უსაფუძვლო სიჯიუტე არ ახასიათებს. ამ საუბრის შემდეგ, ჩვენ პედიატრებთან კომუნიკაციას განვაახლებთ, მოვისმენთ პროფესიულ დამოკიდებულებას და გადავხედავთ თუ გადასახედი იქნება ეს ჩანაწერი,“ –  განუცხადა „ფორტუნას“ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები