LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხე „შეუპოვარი“ და ნამდვილი საოცრება სალაშქრო ტურებისა და პიკნიკებისთვის

2495
BeFunky-collage (6)

კლდეები, ტყეები, მთები, ხეობა, კანიონი-ლანდშაფტის მრავალფეროვნება და ისტორიული სანახაობები ამ ადგილს ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ლოკაციად აქცევს საქართველოში. ,,ბონ ვოიაჟი” ბირთვისის ტურს მოგიწყობთ და მის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაგიზიარებთ.

ბირთვისი მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ალგეთის ხეობაში, სოფელ ტბისის მიმდებარედ. ბირთვისის ციხე  ბუნების საოცრებაა, რომელიც ქართველებმა  მოხერხებულად გამოიყენეს და აუღებელ ციხე-სიმაგრედ აქციეს. ამ ადგილის ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა ბირთვისის ციხეა. „შეუპოვარი“ ასე მოიხსენიება ის ისტორიულ წყაროებში,რადგან მისი მიუდგომელი მდებარეობა და ბუნებრივი სიმაგრე მას სტრატეგიულად აუღებელ ლოკაციად აქცევდა.  წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, მაგრამ იგი გაცილებით ადრე უნდა იყოს აგებული. ბირთვისი აუღებელ ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელს ალგეთის ხეობაზე. ციხე რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებს, როგორც საბრძოლო, ისე საცხოვრებელ და სამეურნეო სახის. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. ციხის ამგებებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ ყველა გასასვლელი და საეჭვო ადგილები ხელოვნურად გაამაგრეს და  კედლებით გადაკეტეს.  ციხის ნანგრევებს შორის თავდაცვით ნაგებობათა გარდა ჩანს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი.

თუკი ამ ციხის დალაშქვრას აპირებთ აუცილებლად გაიყოლეთ გამოცდილი და გზის მცოდნე ადამიანი, რომელიც აქაურობას კარგად იცნობს, რადგან ის საკმაოდ რთული და ძნელად მისადგომია. ულამაზესი მდელოებისა და ტყის შემდეგ გზა ციხისკენ “დევის ნარღვევში” გადის, ასე ეძახიან ბირთვისის ციხისკენ მიმავალ ორ კლდეს შორის გასაძრომ ვიწრო და ულამაზეს ბილიკს. არსებობს ლეგენდა  ამ ნარღვევის შესახებ,რომლის მიხედვითაც  სამება და დევი დიდხანს დავობდნენ, ვისი უნდა ყოფილიყო ეს მთა. ბოლოს სამება დათანხმდა, დევისთვის დაეტოვებინა მთის წვერი, თუ მას ერთ ღამეში, მამლის ყივილამდე შემოავლებდა ზღუდეს. დევმა თავისი და დაიხმარა, რომელიც მოპირდაპირე მაღალი მთიდან, საწურბლოდან, ძმას უზარმაზარ ლოდებს ესროდა. სამება მიხვდა დევი დანაპირებს ასრულებდა და ცაში  წითელი ნაჭერი აისროლა, რომელიც მამლად გადაიქცა. მამალმა იყივლა. დევმა იფიქრა, დავმარცხდიო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. გზადაგზა კლდეს მიარღვევდა. სწორედ მის ნაკვალევზე დარჩა ბილიკი, რომელსაც დევის ნარღვევს უწოდებენ.

ამ ნაპრალის შემდეგ კი გრილი ხეობაა ულამაზესი წყაროთი. რაც შეეხება აუღებელ ციხე-სიმაგრეზე ასვლას, ადვილი ნამდვილად არაა,რადგან კლდეზე აცოცება მოგიწევთ. ციხის საბოლოო მწვერვალი, იგივე შეუპოვარი, კი კიდევ უფრო მაღლა და ციცაბო კლდეზეა აგებული, ასე რომ დიდი სიფრთხილე გმართებთ. სამაგიეროდ ლაშქრობის პიკი ნამდვილ ზღაპრულ ხედებსა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს  გპირდებათ.

თუკი ფეხით რთულ რელიეფზე სიარული თქვენთვის არაა, არც ეგაა პრობლემა, რადგან ბირთვისი ბუნების ულამაზეს შესაძლებლობებს თქვენთვისაც იძლევა და ნებისმიერი გასვლა ამ ადგილზე სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ. ასევე, გარდა ციხე-სიმაგრისა აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ და პიკნიკი მოაწყოთ ტბისის მიმდებარედ ტყეში, ეწვიოთ ისტორიულ სამშვილდესა და ასურეთს,გუდარეხს, ისეირნოთ ზაფხულის ფერადი ყვავილებით მორთულ მდელოებზე, დაისვენოთ გრილ ხეობებში და დატკბეთ საინტერესო და ლამაზი სანახაობებით.

იხილეთ ფოტო მასალა:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები