LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცილისწამების კრიმინალიზაცია – სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა თუ ადამიანის უფლებების დაცვა

601
სიტყვის თავისუფლება ფოტო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ცილისწამების შესახებ კანონის მიღება აუცილებელია. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. საქართველოს მთავარსარდალმა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე თავის საახალწლო მიმართვაშიც ისაუბრა. ამ საკითხს შეეხო პატრიარქი ილია მეორეც, 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ საკითხის ეპისტოლეში ხსენებისთვის პატრიარქს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „სიტყვით ძალადობა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება“. 

ბოლო პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან გააქტიურებულმა საუბარმა ცილისწამებაზე კანონის გამკაცრების შესახებ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორც საზოგადოებაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოშიც. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი ცვლილება არსებულ კანონში, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ არსებობს და იმ შემთხევაში თუ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას კანონით შეზღუდავენ, ქვეყნისთვის ეს საგანგაშო იქნება.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენასა და ნეგატიურ კამპანიას, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებდნენ.

„განსაკუთრებით დღევანდელი სასამართლო სისტემის ფონზე, ეს იქნება ძალიან სერიოზული საფრთხე სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისთვის და შესაბამისად დემოკრატიისთვის, რადგან სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული დემოკრატიულ საზოგადოებაში. მაგრამ საზოგადოებაში, სადაც სასამართლო ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და სადაც სასამართლო ყოველთვის ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს, როდესაც ეს ოლიგარქებს სჭირდება, ეს გადაწყვეტილება იქნება ძალიან საგანგაშო. თუ რეალურად ვიმსჯელებთ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ იყო ნეგატიური და სიძულვილის ენის კამპანია, ეს ყველაფერი მომდინარეობდა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან. როდესაც მაგალითად, პარლამენტის სპიკერი ფაშისტებს  ეძახის წამყვან არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიციას თავში უნდა ჩაარტყან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის და აკეთებს ცილისმწამებლურ განცხადებებს და მათ შორის, მაგალითად, ზაზა სარალიძის მიმართ და ა.შ. რეალურად თუ მათ სურთ, რომ ქვეყანაში არსებობდეს ჯანსაღი საარჩევნო გარემო, მათ საკუთარ გამონათქვამებს მეტი ყურადღება მიაქციონ, ნაცვლად იმისა რომ გამოიყენონ კანონი იმისთვის, რომ შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

უარყოფითად აფასებენ პრეზიდენტის ინიციატივას არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მსგავსი განცხადებები არა შემთხვევითობა, არამედ ერთმანეთში შეთანხმებული პოზიციაა. “გირჩის” ლიდერის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ცილისწამების შესახებ კანონს მიიღებენ, “გირჩი” მას არ დაემორჩილება.

“სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე საკმაოდ რეალურია. მე არ მჯერა, რომ ეს განცხადებები დამთხვევაა. ძალიან მოკლე პერიოდში მსგავსი შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ, ცალკე პრეზიდენტისგან, ცალკე პატრიარქის ეპისტოლეში, რომელსაც შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე აყვა და არა მხოლოდ ეპისტოლეს წაკითხვის დღეს გააკეთა კომენტარი, არამედ მომდევნო დღეებშიც რამდენჯერმე დაუბრუნდა ამ თემას და ახსენა, რომ ცილისწამება არის პრობლემა და მას მიხედვა და მოგვარება სჭირდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი არის ადამიანი, რომელიც პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი იყო და მგონია, რომ პრეზიდენტი რასაც აჟღერებს, შეთანხებულია საპატრიარქოსთანაც. ამიტომ მგონია, რომ ან უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ან შესაძლოა, სინჯავენ ფონს, როგორი იქნება მოსახლეობის რეაქცია. ასევე აპელირებენ, რომ მსგავსი ტიპის კანონი არსებობს განვითარებულ ქვეყნებში. კი, ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ამ კანონმდებლობას აქვს სერიოზული პრობლემები და ეს კანონი ხშირად გამოყენებულია ძალაუფლების მქონე პირების, მდიდარი ადამიანების მიერ, სუსტი და დაუცველი ადამინების წინააღმდეგ. საქართველოში ამ შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში და მურუსიძის სასამრთლო პირობებში გვიწევს ცხოვრება. ეს უბრალოდ მორიგი სადამსჯელო ზომები იქნება ძალაუფლების მქონეთა ხელში და მეტი არაფერი. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი რეგულაციებს დააწესებს, “გირჩი” ამ რეგულაციებს არ დაემორჩილება,” – აცხადებს “ფორტუნასთან” ზურაბ ჯაფარიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ცილისწამების კრიმინალიზაციას არ ემხრობა, თუმცა მისივე განცხადებით, სამოქალაქო სამართლებრივ რეჟიმში რეგულაციები უნდა შეიქმნას, რომელიც ორივე მხარის, მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებებს უკეთ დაიცავს.

„მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ მოხდეს ამ საკითხის კრიმინალიზაცია და წარსულში დაბრუნება, თუმცა ვარ მომხრე იმისა, რომ სამოქალაქო სამართლებრივ რეჟიმში, ვთქვათ, საპროცესო კანონმდებლობით ისეთი რეგულაციები შეიქმნას, რომელიც უკეთესად დაიცავს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის უფლებებს. დღევანდელ სამოქალაქო პროცესში ჩვენ გვაქვს ასეთი პრინციპი, მტკიცების ტვირთი ნებისმიერ შემთხევვაში ეკისრება მოსარჩელეს, ვინც შეიტანს სარჩელს. მაგალითად, თქვენ რომ დღეს მე მიჩივლოთ ცილისწამებაზე, მოგიწევთ იმის მტიკცება, რომ მე ცილი დაგწამეთ. თუ თქვენ ჩემს წინააღმდეგ სათანადო მტკიცებულებებს ვერ შეაგროვებთ, გამოვა, რომ მე ნებისმიერ შემთხვევაში გავმართლდები. სწორედ ამიტომ, თუკი მტკიცების ტვირთი გადავა მოპასუხეზე, რათა დაამტკიცოს, რომ მას ცილი არ დაუწამებია, შესაძლებელია ეს იყოს გამოსავალი უკეთესობისკენ, იმისთვის, რომ ადამიანი კარგად დაფიქრდეს, სანამ ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს. თორემ, ის მიდგომა, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ანგარიშებშიც ჩანს სიტყვის თავისუფლების კუთხით, ამას არცერთი წუთით კითხვის ნიშანი არ უნდა დავუსვათ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, ეს არ არის გუნდში გავლილი ან შეთანხმებული თემა. მე არ გავცნობივარ პრეზიდენტის ინიციატივას და ამ კუთხით დისკუსია მასთან არ მქონია,“ – განმარტავს “ფორტუნასთან” უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საფრთხედ აღიქვამს მესამე სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება პრეზიდენტის ინიციატივას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი შიში კრიტიკული აზრის ჩახშობასა და ცენზურის დაწესებას უკავშირდება.

 „ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელი კანონმდებლობით კარგად არის დაცული ბალანსი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის პატივისცემისა და ღირსების დაცვას შორის. ამიტომ ვფიქრობ, რომ არანაირი დამატებითი რეგულირება, სანქციის გამკაცრება ან სხვა ტიპის ცვლილებები საჭირო არ არის დღეს მოქმედ კანონმდებლობაში. ამიტომ შევეცდებით, რომ შევეწინააღდმეგოთ ყველანაირ ცვლილებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებსიმიერი ცვლილება სტანდარტს დაბალა დაწევს და გააუარესებს დღეს არსებულ მდგომარეობას. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით სიტყვისა და გამოხატვის თავსუფლების მაღალი სტანდარტით, რაც დღეს გვაქვს ქევყანაში და ამიტომ ვეცდებით, რომ არ დავუშვათ რაიმე ტიპის ცვლილება, რაც ამ სტანდარტის დაბლა დაწევას გამოიწვევს. ჩვენი მთავარი შიში არის ის, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში ცვლილებები, როგორც წესი, გამოყენებულია კრიტიკული აზრის ჩასახშობად ხოლმე, ცენზურის გასავითარებლად და ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი დააზიანებს დღეს არსებულ სიტუაციას და რა თქმა უნდა, საერთო სურათში ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“ – აღნიშნა ნატა ძველიშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ცილისწამება და ე.წ. “ფეიკნიუსები” ორი სრულიად განსხვავებული ცნებაა და ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა თქვას, რისი მიღება სურს და ჩამოყალიბდეს პოზიციაზე, ემუქრება თუ არა საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გულისხმობდა რეგულაციების შემოღებას და კანონის გამკაცრებას ყალბ ამბებზე, ე.წ. “ფეიკ ნიუსებზე” და არა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას, რომელიც საკმაოდ ლიბერალური გვაქვს 2004 წლიდან და იმის ხელის ხლება არ შეიძლება. რაც შეეხება „ფეიკ ნიუსებს,“ ამაზე ძალიან დიდი რეფორმები მიმდინარეობს მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში უვკე სამი წელიწადია. ირლანდიაში, იტალიასა და ავსტრალიაში საკმაოდ საინტერესო კანონმდებლობა მიიღეს, სადაც სისხლის სამართლით დასჯადია პოლიტიკურ თემებზე გავრცელებული კამპანიური სახის დეზინფორმაცია და „ფეიკ ნიუსები“. ჩვენ ხელისუფლებისგან გვაინტერესებს ერთმნიშველოვანი გზავნილი, მკაფიო და მკვეთრი. გვითხრან, კონკრეტულად რისი მიღება სურთ, წერილობით, რა არის კანონპროექტი და იმის მიხედვით იქნება მსჯელობა საზოგადოებაში. არ მგონია, რომ ხელისუფლებამ გადადგას უკან გადაგუმული ნაბიჯი მიზანმიმართულად და გაამკაცროს ცილისწამებაზე კანონმდებლობა, რომელიც საკამოდ ლიბერალურია და პასუხობს საერთშორისო მოთხოვნებს უკვე 2004 წლიდან. იმედს ვიტოვებ, მათი წინადადება ეხება ყალბ ამბებს და არა ცილისწამებას, თუ ეს კანონმდებლობა შემოიღეს, უმწვავესი პროტესტი იქნება, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან,“ – განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ რადიო “ფორტუნასთან” საუბარში.

რაც შეეხება დღეს მოქმედ კანონს, ცილისწამების დეკრიმინალიზება საქართველოში 2004 წელს მოხდა და მას შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად არ ითვლება. ცილისწამებას არეგულირებს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ, რომელიც ამბობს, რომ ცილისწამება, ეს არის მცდარი ფაქტის გავრცელება სხვა ადამიანზე და რომ ის ლახავს მის პატივს ან ღირსებას და ეს არის სამოქალაქო დავის საგანი. თუმცა, ცილისწამებისთვის ადამიანები ციხეში არ მიდიან. 2004 წლამდე არსებული კანონით კი, ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 100-დან 200 საათამდე, ანდა გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.