LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივი წყალი იმუნიტეტისთვის საუკეთესო საშუალებაა – ყარამან ფაღავა

2362

გადაცემის ლაივი LIVE

მარტში ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებამ ცნობილი ბავშვთა ექიმის, პროფესორ ირაკლი ფაღავას 100 წლის იუბილე აღნიშნა. ირაკლი ფაღავა სხვადასხვა დროს იყო თბილისის და რესპუბლიკის პედიატრთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. არ დარჩენილა არც ერთი აქტუალური საკითხი ბავშვთა სნეულებების სფეროში, მას რომ არ ეთქვა თავისი წონადი სიტყვა. ის განსაკუთრებით ზრუნავდა ადრეული ასაკიდან ბავშვთა სწორ აღზრდაზე, რადგან ქვეყნის მომავალს ჯანსაღი თაობის აღზრდაში ხედავდა. მისი „პედიატრიის ცნობარი“ და „ბავშვთა დაავადებები“ ქართველ ექიმთა და სტუდენტთა მრავალი თაობის სამაგიდო წიგნებად იქცა. ისტორია გრძელდება, ირაკლი ფაღავას შვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავაა, რომელიც მაისის თვეში  70 წლის იუბილეს აღნიშნავს. გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ყარამან ფაღავამ თანამედროვე პედიატრიის გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა და ვრცლად მიმოიხილა თემები, რომლებიც მშობლებისთვის დღეს ძალიან აქტუალურია.

ცოტა ხნის წინ ბატონი ირაკლი ფაღავას იუბილე აღინიშნა, თქვენი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებთ იმ დიდ გზას, რომელიც მან გაიარა?

მამაჩემთან ვმუშაობდი, გარკვეულად ჩემი ხელმძღვანელიც იყო სადოქტორო დისერტაციის დაცვისას, ვთანამშრომლობდით და მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვიყავი. ყველა მის გამოსვლას ვუსმენდი და ისიც ჩემგან შესაბამის გამოძახილს ელოდა. მამაჩემზე გადაღებულია ფილმი, დაწერილია წიგნი – დიახ, ეს კარგია, მაგრამ მთავარი არ არის. მთავარი ის არის, რომ ირაკლი ფაღავა სამედიცინო საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა. დღეს, როდესაც მისი გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა – რა დარჩა მას შემდეგ. ყოველთვის ჩემს თავსაც ვუსვამ ამ შეკითხვას. ის იყო ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ნამდვილი პროფესორი, მასწავლებელი, მკვლევარი – პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თავისი კვალი დატოვა. ძირითადი მაინც იყო მედიცინაში ფსიქოლოგიური ფაქტორის მნიშვნელობა დაავადებების განვითარებაში, ალერგოზები და ბრონქული ასთმა. ის ძალიან ძლიერი იყო კომუნიკაციაში. იმისათვის, რომ ადამიანი კარგად გახდეს, უნდა სჯეროდეს ბავშვსაც და მშობელსაც ექიმის. რაც შეეხება საზოგადოებრივ აქტივობას, იყო დემოგრაფიული კომისიის თავჯდომარის მოადგილე, ქართული ლიტერატურული ენის ნორმატივების დამდგენი კომისიის წევრი, თუმცა, მისთვის მთვარი მაინც ბუნებრივი კვების მხარდაჭერა იყო. დასავლეთ საქართველოში ძუძუმტეობა და ძიძიშვილობა  ტრადიციული იყო. ერთის მხრივ კლასთა ბრძოლის სიმწვავეს ანელებდა, მეორეს მხრივ კი გარკვეულად ცუდი როლიც შეასრულა. ეგონათ, რომ თუ თავადი და აზნაური თავის შვილს ძუძუს არ აჭმევდა, ცუდი იყო. ყველა მოვლენას აქვს თავისი ავერსი და რევერსი. დღესდღეობით დადგენილია, რომ ბუნებრივი კვება არის ქვაკუთხედი ბავშვის განვითარებისა და მისი წინსვლისა. რაც შეეხება მეცნიერებას, მან თავისი წონადი სიტყვა მრავალ დარგში თქვა. ქართული პედიატრიის ენციკლოპედია დატოვა მან, სადაც 1980 წლამდე თუ რამე გაკეთებულა ქართულ პედიატრიაში, ყველაფერია შესული. მე უკვე მამაჩემზე უფროსი ვარ ასაკით, მთავარი ცხოვრებაში არის საკუთარი თავის რეალიზაცია და იმაზე სამწუხარო არაფერია, როდესაც გონიერი და ნიჭით აღსავსე კაცი ამას ვერ მოახდენს. იარკლი ფაღავამ მეტწილად თავისი თავის რეალიზაცია მოახდინა.

ბატონო ყარამან, თქვენ მაისში 70 წლის ხდებით, ამ დროის მანძილზე დიდი გამოცდილება დააგროვეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ იმატა ავადობებმა და რა დაავადებებზეა საუბარი?

დაავადებები იყო, არის და იქნება, უბრალოდ იცვლება სტრუქტურა. სამწუხაროდ ჩვენში ბოლომდე ვერ იქნა რესპირატორული (ხველა, ბრონქული ასთმა, ბრონქოსპაზმი) და კუჭ-ნაჭლავის (ფაღარათი, შეკრულობა არასწორი კვების გამო) დაავადებების აღმოფხვრა. არის ასევე ე.წ. „ცივილიზაციის დაავადებები“, რომლებიც უფრო მეტად დასავლეთშია, ესენია: ავტოიმუნური დაავადებები, ალერგოზები, რევმატული დაავადებები. საქართველოში იშვიათ დაავადებებზე საკითხი მე წამოვწიე პირველად და ლექციებს ვკითხულობ. ჩემს სპეციალობაში მთავარი ხიბლი ისაა, რომ იშვიათ დაავადებას გამოვავლენ და ვუმკურნალებ პაციენტს. მთელი მსოფლიო დგას დაავადებების გამომწვევი მიკრობების ეპიდემიის წინაშე, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულნი არიან. მაშინ, როდესაც პენიცილინი აღმოაჩინეს, ეს იყო რევოლუცია და ის ყველაფერს კურნავდა. ახალგაზრდა ექიმი ვიყავი და ფილტვების ანთებას პენიცილინით ვმკურნალობდით. ახლა კი უძვირეს ანტიბიოტიკებს ვიყენებთ, დიდხანს ვმკურნალობთ, იძლევა უამრავ ალერგიულ გართულებას, გვერდით მოვლენას და ა.შ. ამიტომ ახალი მიდგომებია საჭირო და ხშირად ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი.

ბაქტერიოფაგოთერაპიაში საქართველო პიონერია, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში პირველად საქართველოში დაარსდა. რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიყავი, ჩვენი შედეგები მოვახსენე კუჭ-ნაწლავის ბაქტერიოფაგოთერაპიის შესახებ და დიდი ოვაციები გამოიწვია ამან.

აღსანიშნავია ნევროზის საკითხიც, იმატა არასწორი ქცევით განპირობებულმა დაავადებებმა. ნამეტან სტერილურ გარემოში ვზრდით მშობლები ბავშვებს, უნდა გავარჯიშდეს ბავშვის ორგანიზმი. არიქა, ცხოველთან კონტაქტი საშიშია… არადა ისტორიულად ადამიანი ყოველთვის კონტაქტში იყო ცხოველთან. ეხლა კი ორგანიზმის იმუნური სისტემა გახდა სამიზნის გარეშე. სწორედ ეს არის ავტოიმუინური დაავადებების მიზეზი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჭიებიც კი პერიოდულად ესაჭიროება ორგანიზმს. აღარ ვსაუბრობ აგრესიაზე, დეპრესიაზე, ეს ხომ საშინელებაა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დანას უყრიან. ამისი მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდები ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას. აუცილებელია სპორტით დაკავება.

აგრესიაზე და დეპრესიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბიჭების მშობლებს რჩევა მინდა მივცე. ბიჭებმა შეიძლება იჩხუბონ, არაფერი დაშავდება. შეიძლება შენზე ღონიერმა 20-ჯერ დაგარტყას, მაგრამ ერთხელ თუ უპასუხე, ეს არაფერი, მაგრამ თუ ერთხელ დაგარტყეს და შენ ხელები დაუშვი, ე.ი. ფსიქოლოგიურად გატეხილი ხარ. როგორ შეიძლება ახალგაზრდა თავს იკლავდეს, როდესაც ის წინ უნდა მიდიოდეს და მიზნები უნდა ჰქონდეს. როდესაც დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მართალია, გვინდა რომ ერი გამრავლდეს, მაგრამ მხოლოდ გამრავლება არ არის, კულტურული კოდიც არის საჭირო. დიახ, გლობალიზაციაში ყველაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ქართველი ახალგაზრდა უნდა ატარებდეს კულტურულ კოდს. ზაფხული მოდის, ბავშვები სოფლებში გაუშვით, ქართულ ენას ისწავლიან. მეტია ცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი.

რა დაავადებებისა და ჩივილების დროს გამოიყენება ფაგები და როდის აქვს განსაკუთრებული ეფექტი?

ფაგი არის კარგი, მეგობარი ვირუსი, რომელიც კლავს ცუდ ბაქტერიას. ამიტომ, ნებისმიერი ბაქტერიული ინფექციის დროს (სასუნთქი გზების, ყელის ინფექციები, ფილტვების ანთება, კანის ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია და ა.შ) ის ყოველთვის ძალიან ეფექტურია და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს გვერდითი მოქმედება. ზოგიერთი დაავადების დროს მეტი შედეგი აქვს, ზოგიერთი დაავადების დროს კი ნაკლები, თუმცა მცდელობა ყოველთვის ღირს.

დღეს ყველაზე გავრცელებულ ჩივილებსა და მათი მკურნალობის უახლეს მეთოდებზე მინდა გკიხოთ. რატომ შეიცვალა მიდგომა ასე რადიკალურად. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ იგივე მაღალ ტემპერატურას უწინ ძმრიანი წინდებითა და წამლების მინიმალისტური რაოდენობით ებრძოდნენ, რა იყო ამაში ცუდი?

პირველ რიგში ცხელების თაობაზე ვისაუბრებ. მთავარი ის კი არ არის მარტივად ვებრძოდით თუ ცუდად, მთავარი ის არის, რა შედეგით ვებრძოდით. დღესდღეობით დადგენილია, რომ ცხელების წინააღმდეგ საუკეთესოა იბუპროფენისა და პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ არის გვერდითი მოვლენები, ამიტომ საუკეთესოა ტრადიციული მეთოდები მედიკამენტებთან ერთად გამოვიყენოთ.

თუ სიცხე არის 40 გრადუსი, ნუ დაველოდებით წამლის მოქმედებას, მაშინვე ოთახის ტემპერატურის წყლით სავსე აბაზანაში ჩავსვათ ბავშვი. ძმარი არ არის ეფექტური.

რაც შეეხება ხველას, ის უფრო მძიმე გახდა. იმიტომ, რომ ხველას ძირითადად საფუძვლად გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა და ქრონიკული ანთება უდევს, რომელიც ხშირი ინფექციების, ალერგიისა და რესპირაქციული დაავადებების მიზეზია. ასევე, გააჩნია ხველასაც. არის ხველა, რომელსაც ორთქლით, ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია და ამოსახველებლები შველის. შეგახსენებთ, რომ ამოსახველებლები საღამოს 18:00 საათის შემდეგ არ შეიძლება. თუ ხველა ღამით არის, მაშინ ანტიჰისტამინურ საშუალებებს, დამამშვიდებლებს გამოვიყენებთ. პრობლემაა შემაწუხებელი ხველა და ამ დროს ყველაზე ეფექტურია ბრონქოდილატატორები და ეპინეფრინი. უნდა ვეძებოთ ხველების მიზეზი და პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციების თავიდან არიდება.

თანამედროვეობის კიდევ ერთი პოპულარული თემა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაა, რა აზრის ხართ ვაქცინაზე და თვლით თუ არა, რომ მისი გაკეთება უკლებლივ ყველა ბავშვისთვის აუცილებელია?

ძალიან რთული შეკითხვაა. ვაქცინაცია თანამედროვე მედიცინის უდიდესი მიღწევაა. დავაფიქსირებ როგორც ოფიციალურ აზრს, ისე ჩემს პირად მოსაზრებას.

ჩვილი, დღენაკლული, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე და ხშირად მოავადე ბავშვები აუცილებლად უნდა აიცრან. ასაკოვანი ადამიანები აუცილებლად უნდა ავცრათ. რაც შეეხება შუა ხნის ასაკის ადამიანებს, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები, მძიმე ანემიის, იმუნოდეფიციტისა და ასთმის მქონე ადამიანებისთვის აცრა აუცილებელია. რაც შეეხება ჯანმრთელ ადამიანს, აქ ცოტა ფეხს ვითრევ. უმჯობესია მას იმუნიტეტი ჰქონდეს და ზედმეტი ჩარევა არ განახორციელოთ.

აქ შეიძლება ოფიციალურ აზრს ცოტათი ვცილდები, მაგრამ ისევ ვიმეორებ, თუ სუსტია ორგანიზმი, უნდა დავეხმაროთ, თუ ძლიერია ორგანიზმი, უნდა გავაძლიეროთ. მე მაგალითიც მინდა მოვიყვანო და თავიც მოვიწონო, დღეს დილასაც 06:00 საათზე ვიყავი აუზზე და შემდეგ ცივი შხაპი მივიღე. ბოლო 30 წელია მე ავად არ გავმხდარვარ.

როგორ უნდა გავაძლიეროთ იმუნიტეტი, რა არის მთავარი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს?

რევოლუციები არ მიყვარს. იმუნიტეტისათვის საუკეთესო არის გაკაჟება. შესაძლებელია აცრებიც გავაკეთოთ იმ იმედით, რომ მომავალში აღარ დაგვჭირდება. არის უამრავი წამალი, რომელსაც მეც ვნიშნავ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მაგრამ, მთავარი არის ცივი წყალი – ჩვილობის ასაკიდან ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს. აბაზანის შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, 2 წლის შემდეგ ტანის დაზელვა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ცივი შხაპი, რომელსაც სულ ათი წამი უნდა – დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, რა არის რესპირაციული ინფექცია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ წელიწადში 5-6-ჯერ რესპირატორული დაავადება ნორმაა, მე კი ვამბობ რომ დიახ, ასე ხშირად ხდება, მაგრამ არ არის ეს ნორმა. საბავშვო ბაღებს აბრალებენ, რომ ბავშვი ავად ხდება. დაუკვირდით, განა ყველა ხდება ავად? ზოგიერთი სულ ავად არის, ზოგიერთი კი ქარსა და სიცივეშიც კი არ ხდება ავად – ის კარგად გაკაჟებულია.

სახლში წასაღები მესიჯია – თუ თქვენს შვილებს კარგად გააკაჟებთ, თქვენი პრობლემა მხოლოდ ის იქნება, რა წრეზე ატაროთ ბავშვი, ბიჭი ფეხბურთზე თუ ცურვაზე, და გოგონა ცეკვასა თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები თანდათანობით ნულამდე დავა. მთავარია ოპტიმისტური განწყობა. მედიცინა წინ მიდის, უამრავი გამარჯვების მომსწრე პირადად ვარ. იმედი ვიქონიოთ, რომ უფრო ჯანმრთელები ვიქნებით.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები