LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქართული ფილმები შესაძლოა აიკრძალოს – რა უნდა კვიციანს?

815
eldar shengelaia-1 194

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს.

ინიციატივა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანს ეკუთვნის და მისი დარღვევის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა დაეკისრება.

„სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 155-ე პრიმა მუხლი, რის მიხედვითაც რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მათზე ნებისმიერი წარწერა ან დაზიანება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე“, – წერია პროექტში.

ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, რელიგიებისა და წმინდანების შეურაცხყოფაა.

მისი აზრით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. საკანონმდებლო სივრცეში რელიგიური შეურაცხყოფის დაუსჯელობა მოქალაქეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ უბიძგებს.

 

 

თუ ეს კანონი ამოქმედდება, შეიძლება მაგ. ფილმებს: „ლონდრეს“, „ნატვრის ხეს“, „უდიპლომო სასიძოს“, „შერეკილებს“ და კიდევ სხვა ფილმებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო ცენზურა შეეხოს.

ფოტო : ნეტგაზეთი

 

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დამამცირებელი და უღირსი გამოხატულებაა, რომელიც ადმინისტრაციული წესით უნდა ისჯებოდეს”, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
რატი იონათამიშვილი.

„კანონი ისედაც არსებობდა, უბრალოდ კვიციანის სურვილია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე გადასვლა მოხდეს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გარკვეულწილად შეიძლება იყოს, მაგრამ ამ საკითხის სისხლის სამართლის დანაშაულის ჭრილში განხილვას პირადად არ ვეთანხმები.
თუმცა, ნებისმიერი შეურაცხყოფა ეს არის დამამცირებელი და უღირსი გამოხატულება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ როგორც ერთმანეთის აზრს, ასევე რელიგიურ გრძნობს და ამ გრძნობებზე თამაში არ მიმაჩნია, რომ დასაშვები იყოს,“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ემზარ კვიციანის ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის რეგულირების მცდელობა ძალიან პრობლემური და შემაშფოთებელია.

 

„რეალურად ეს არ ემსახურება რაიმე პრობლემის გადაწყვეტას. დომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის ეს ინიციატივა ერთგვარ მოჩვენებით მცდელობას წარმოადგენს, რომ რაღაც მათ სასარგებლოდ რეგულირდება.

სინამდვილეში ნებისმიერი ასეთი მცდელობა, შეიძლება ძალიან მარტივად იქნას გამოყენებული სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. გრძნობების დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე შეუძლებელია“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ისეთი საკითხები როგორიც არის, სხვადასხვა რელიგიური რიტუალების, შენობების თუ ტაძრების დაზიანება და შეურაცხყოფა, ეს კანონით ისედაც ისჯება.

ბენიძე “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ კვიციანის ინიციატივის მიხედვით შესაძლოა აიკრძალოს ლიტერატურა, ნახატი, ფილმი ან სპექტაკლი, თუკი ჩაითვლება, რომ იგი კონკრეტული რელიგიური ჯგუფის ინტერესებს შეურაცხყოფს, რაც აბსურდამდე მიგვიყვანს. ესა თუ ის კრიტიკული პოზიცია, შესაძლოა, რელიგიურ შეუარცხყოფად აღიქვან და ეს კანონი სიტყვის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის სახეს მიიღებს.

„ეს არ არის ნორმალური. ლიტერატურულ თუ სახელოვნებო ნამუშევრებში მიმართავენ ეპატაჟს, რაშიც შესაძლოა ისეთი რამ იყოს გამოყენებული, რაც რელიგიური ნიშნით ყველასთვის მისაღები არ იყოს,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მისი განცხადებით, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი განვითარება კრიტიკულ აზროვნებაზე იყოს დაფუძნებული, მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი, საჯარო დისკუსიის საფუძველზე იყოს განხილული. რაც შეეხება, ევროპულ გამოცდილებას, ევროპაში, სადაც რელიგიური გრძნობების შესახებ კანონი არსებობს, მათი უმეტესი ნაწილი შუა საუკუნეებიდან არის შემორჩენილი და დღეს პრაქტიკულად გამოყენებაშიც აღარ არის.

„თუკი სადმე ამ კანონის გამოყენება ხდება, მათსა და ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა. დასავლეთის ქვეყნებში არის სასამართლო სისტემა და ზოგადად ინსტიტუციები, რომელსაც საზოგადოება ენდობა და მათ შეუძლიათ სათანადოდ განმარტონ ასეთი კანონი. სამწუხაროდ საქართველოში დღეს სასამართლოსადმი ნდობა საკმარისი არ არის“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ „ფორტუნასთან“.

 

 

პოპულალურები