LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოცხალ რიგში ვიდექი და გვითხრეს ტესტები ამოიწურაო: წამოვედი, გაღიზიანებული, ფეხნატკენი, მშიერი, გამოუძინებელი ატირებული ბავშვით ხელში

538
ქეთი
ამბავი იმაზე, თურმე რა ხდება კლინიკებში, სადაც მოქალაქეებს ტესტებს უღებენ. სოციალურ ქსელში, ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი, ქეთი გიგოლაშვილი წერს.
მისი თქმით, ბავშვმა ფეხი იტკინა და ამ მიზნით მივიდნენ კლინიკაში. ტესტის გაკეთება კი თავის დაზღვევის მიზნით უნდა გაეკეთებინა.
გთავაზობთ უცვლელად:
“კარგად ვიცი, რას საუბრობენ “ტელევიზორში”, “ტრიბუნებიდან”, “ფეისბუკ ლაივებში”. მარტივია, სხვებზე როცა წერ, ისმენ, ითვლი გაურკვეველ ციფრებს. ხან გეშლება, ხან გინდა რომ შეგეშალოს, მაგრამ, როცა შენც შესაძლოა, ამ სტატისტიკის ნაწილი გახდე, ცალ ხელში 2 წლის ბავშვი გიჭირავს, მეორე ხელით კი ცდილობ ერთდროულად, პირბადე მასაც მოარგო და შენი მის მიერ ჩამოგლეჯილი პირბადეც გაისწრო, გარეთ კი რიგში მდგარი ადამიანების დათვლა გიჭირს, ხვდები რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა…
მე-8 დღეა, რაც მთელი ოჯახით თვითიზოლაციაში ვართ (კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო), ოღონდ ისეთში კი არა, ხანდახან მაინც “პურზე ჩასვლის” მოტივით სახლიდან რომ გადიან. ნამდვილ იზოლაციაში. ნაგავიც რომ არ გადაგვიყრია და პურიც “გლოვოს” კურიერს რომ მოაქვს. არავინ არ მოგვდგომია იარაღით სახლში დარჩითო და არც კართან დგას ბაყბაყდევი. მოკლედ, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და მიგვაჩნია, რომ ყველამ ასე უნდა გადაწყვიტოს და ყველა ასე უნდა მოიქცეს. იმიტომ რომ არ ნახოს ის არც დღეს და არც ხვალ, რაც დღეს მე გარეთ დამხვდა და ვნახე…
სანამ რვა დღე სახლში ვიჯექი და მანამდე 8 თვე ვმუშაობდი, თქვენზე და სხვებზე ვწერდი. დავდიოდი, ვნერვიულობდი, მოცემულობას ვეგუებოდი და ა.შ და ა.შ, თურმე კლინიკებში სულ სხვა “ცხოვრება ჩქეფს”, აქ ხდება სრული განუკითხაობა, სავარაუდო კოვიდიანებისა და კოვიდის არმქონეების ჩახუტება და სიამტკბილობა.
მას შემდეგ რაც დღეს დილით გავარკვიე, რომ ზღურბლზე გადაბიჯების უფლება გვქონდა, რომელი უფლებაც საკუთარ თავებს ჩვენვე შევუზღუდეთ. მივედით კლინიკაში (ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო, ახლა უკვე ვიცი რომ მშიდობაა). მოგვცეს, ასევე, როგორც კონტაქტებსა და სიცხიანებს მიმართვა PCR ტესტზე, დავდექით რიგში მე და ნიკოლოზი (2 წლის). ზოგადად, არ მიყვარს მდგომარეობით სარგებლობა. არც ნაცნობებით მანიპულირება და არ კონტაქტების გამოყენება, ძალიან დიდ უხერხულობას მიქმნის. ამჯერადაც, ვიდექით უზარმაზარ რიგში პატიოსნად. რიგი მიდიოდა ძალიან ნელა, ზოზინით. ორად ორი კოვიდის ტესტის ამღები ექიმი დიდ დროს უთმობდა იმის გარკვევას მიმართვა საიდან ჰქონდათ პაციენტებს, ხომ არ იტყუებოდნენ, მერე ჩხუბობდნენ, მერე მშვიდდებოდნენ, შემდეგ ისევ ჩხუბობდნენ და ასე დაუსრულებლად.
გარეთ, ქალი და კაცი ცდილობდა რიგში წესრიგის ელემენტები შეეტანას, ხან გამოსდიოდათ ხან არა. შემდეგ დამინახეს ბავშვიანი ქალი, სასწრაფოდ შეიყვანეო. უკვე მაინც ჩემი რიგი იყო. დავიცადე, შევედი ფოიეში, რომელიც ისე ჩარაზული იყო, მაშინვე კაი დიასახლისივით დავბზრიალდი და ყველა ფანჯარა და კარები გავაღე, ბოლოს და ბოლოს ბავშვი უნდა შემეყვანა, რომელთანაც პირბადის გაკეთებაზე ხელჩართულ ბრძოლაში სადაცაა დავმარცხდებოდი. ფოიეში ისევ ის, ერთი საათის წინ შესული ქალი ჩხუბობდა, გინდა თუ არა 40 გრადუსი მაქვს სიცხე შემიშვითო. ესენი აქეთ არკვევდნენ ვინაა შენი ოჯახის ექიმი, ამან არ ვიციო, იმან გაარკვიეო, ამან არ მპასუხობსო, იმან მე დავურეკავო, ამან დაურეკეო, იმან მომეცი ნომერიო, ამან აჰა-ო, იმან დაურეკა და ის ისაა პასუხი ამ ქალისთვის უნდა ეთქვა, ეს ქალი, 40 გრადუსიანი სიცხით, უკვე აღარ იყო შენობაში, გაქრა.
რიგი გაგრძელდა, ის პაციენტი შევიდა, ჩემ წინ რომელიც იყო. ის ისაა კულმინაცია უნდა დავინახო, როგორ აუღებენ ანალიზსს ამ ქალს, რომ მეორე ექიმმა, კომპიუტერთან მოკალათებულმა თავში ხელები წაიშინა. როგორც ჩანს, ეს პირველად არ გაუკეთებია, მეორემ ჩხირები უკან დააბრუნდა, ხელები გასავსავა, ამ ჩემ წინ მყოფ დაბნეულ პაციენტს პირბადე ისევ აუწია ცხვირზე და სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა.
აღმოჩნდა, რომ ტესტების გაკეთების ლიმიტი ამოეწურათ (ტესტები კი ჰქონდათ, უბრალოდ გაკეთებით ვეღარ გაკეთებდნენ მეტს) ანუ დღეს ტესტს ვერავის, ვერც მას და ვერც მე, ვერც იმ ქალსა და კაცს, რიგს ასე პატიოსნად რომ აკონტროლებდნენ და ვერც სხვა დანარჩენ მომლოდინეებს ვერ აუღებდნენ!
ასე უბრალოდ, ლიმიტი ამოეწურათ. თურმე (არ მესმის რატომ), ტესტების გაკეთების ლიმიტი ცვალებადი მონაცემია. არც დილით, არც შუადღეს და არც მაშინ, როცა იმ დღის უკანასკნელ პაციენტს უკეთებ ტესტს არ იცი, ვერ განსაზღვრავ, ვერ დააორგანიზებ, რიგში დგომისგან დაღლილ სავარუდო კოვიდიან ან კოვიდის არმქონე პაციენტებს ვერ გააფრთხილებ, რამდენი ტესტის გაკეთების შესაძლებლობა დაგრჩა.
სიმართლე გითხრათ, ეს რას ნიშნავს უპასუხისმგებლობას, უუნარობას, გაუმართავ მუშაობას, უწესრიგობას თუ რას კარგად ვერ გავიგე, მაგრამ გავიგე, რას ნიშნავს ბრაზნარევი ცრემლების შეკავებას რომ ცდილობ და ნერვული სისტემის უკანასკნელ ქსოვილებს რომ იკრებ.
წამოვედი, გაღიზიანებული, ფეხნატკენი, მშიერი, გამოუძინებელი და მტირალა ნიკოლოზით უკან.
ასეთი იმედგაცრუებული, უუნარო იშვიათად ვყოფილვარ.
მეორე სერიის დასასრული, პირველ სერიაზე იქნებ ოდესმე დავწერო კიდეც”.
როგორც ქეთი ”ფორტუნასთან” საუბარში განმარტავს, ტესტის პასუხი დღესაც არ იცის და ის კრიზისი, როდესაც მას სიცხეები და სისუსტე ქონდა, უკვე გადაიარა. თუმცა, თვითიზოლაციაში ყოფნას აგრძელებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები