LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცოცხალი ჩემს ბინას, ჩემს რაიონს არ დავტოვებ!” – ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი

165
esss

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკვე მეოთხე წელია შინაპატიმრობაშია. 2017 წელს, ე.წ. ლენინგორის პროკურატურამ მეარაყიშვილს “სამხრეთ ოსეთის მოაქალაქეობის” უკანონოდ მიღებაში, ყალბი დოკუმენტის გამოყენებასა და ადგილობრივი მმართველი პარტიის “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში დასდო ბრალი.

2019 წლის 10 ივლისს ახალგორელმა მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ მას ყველა ბრალდება და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა მოუხსნა, თუმცა ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პროკურატურამ გაასაჩივრა.

როგორც მეარაყიშვილის პოსტიდან ირკვევა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დე ფაქტო პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილის საქმე პირველ ინსტანციაში დააბრუნა. ე.წ. საგამოძიებო უწყება მეარაყიშვილს თვითაღიარებული რესპუბლიკის ყალბი პასპორტის დამზადებას ედავება. რაც შეეხება მეორე ბრალდებას – მმართველი პარტიაზე ცილისწამება, დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ე.წ. ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც მეარაყიშვილი უდანაშაულოდ ცნო. მეარაყიშვილი წერს, რომ ის სავარაუდოდ მისი საცხოვრებელი რაიონიდან გაძევების საფრთხის წინაშე დგას.  ის დახმარებას და ყურადრებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს.

“პარასკევს, 17 იანვარს ქ. ცხინვალში უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ განიხილა პროკურატურის საკასაციო სარჩელი, რომელიც არ ეთანხმებოდა ჩემს გამამართლებელ განაჩენს. ცილისწამების ბრალდებაში პირველი ინსტანციის გამამართლებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – მომიხსნა ბრალდება, მაგრამ ორი – პასპორტთან დაკავშირებული პირველ ინსტანციაში დააბრუნდა განსახილველად. სასამართლოზე იყო მინიშნება ჩემი საცხოვრებელი რაიონიდან გაძევების საკითხის დაყენებაზე – ეს იყო მიზეზიც ჩემი დაპატიმრებისა.

დღეს 21 იანვარია. არაერთმა მედიამ დამითმო დრო და ადგილი, ტელევიზიებმა პირდაპირი ეთერით მომცეს საშუალება მესაუბრა ამ საფრთხეზე, გამომეხმაურნენ ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეკითხებიან – რა შეიძლება გაკეთდეს ამის შესაჩერებლად, მაგრამ დუმს როგორც მთელი ჩემი დევნის პერიოდი – ხელისუფლება. ამ დუმილში კარგად გამოხატავენ ზიზღს და მიუღებლობას რაც ჩემს მიმართ დაუგროვდათ – როგორც ბიბილოვისთვის, მათთვისაც მიუღებელი ვარ, მათაც დისკომფორტს ვუქმნი მოუგვარებელი პრობლემების გახმოვანებით.
დუმდა ხელისუფლება, როცა გავუჩინარდი, როცა ს/ს საქმეებს წერდა ჩემს წინააღმდეგ ბიბილოვის პროკურატურა, როცა სოციალური ქსელით ვითხოვდი ადვოკატის, ტელეფონის, სასამართლოზე დასასწრებ გზის ხარჯს…
ამის პარალელურად მინისტრი ჩემზე ამბობდა, რომ წლების განმავლობაში გადატანილი სტრესის გამო არაადექვატური გავხდი და ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გვეცოდება ასე რომ დაემართა. და ამის პარალელურად თხზავდა ჭორებს და თავადვე ახდენდა ტირაჟირებას ჩემი მარგინალიზაციისთვის. რატომ?- არ არსებობს ადამიანი? არ არის პრობლემა.
ამ ტექსტს რომ იქიდან ვწერ, სადაც ჩემი დამცველი არავინაა, მე რომ მომიწია ამის შეხსენება საზოგადოებისთვის- რა ვთქვა?
ჩემი მდგომარეობა არაა დამამშვიდებელი, ჩემი მშობლიური რაიონიდან გამოძევების რეალური საფრთხის წინაშე და ვითხოვ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ დასრულდეს ჩემი დევნა.
მოვითხოვ, მსოფლიოს ადამიანის უფლებების დამცველმა უმაღლესმა პირებმა გააკეთონ განცხადებები და იცოდნენ რისთვისაც მსჯიან – სხვისი უფლებების დაცვა.
თქვენ, მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ- ცოცხალი ჩემს ბინას, ჩემს რაიონს არ დავტოვებ!'”, – წერს 
თამარა მეარაყიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები