საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, პროცესზე ბრალდებულები – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დაიკითხებიან.

პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარე უნდა ჩამოყალიბდეს ცომაია, წოწორიები და ნარიმანიძე არიან გმირები, თუ მათი ჩვენება არაფრისმომცემია:

“მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება დღეს საქართველოში – ამაზე მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, წოწორიების და ნარიმანიძის ჩვენებებს, ეს არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ შემოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე.

დაცვის მხარე ჩამოყალიბდეს ცომაია, წოწორიები და ნარიმანიძე არიან გმირები, თუ მათი ჩვენება არაფრისმომცემია.

მაქვს მოლოდინი, რომ დღეს დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას მტკიცებულებების უდავოდ გახდომის თაობაზე და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხავს ელგუჯა ცომაიას, წოწორიებს და ნარიმანიძეს, რომლებიც მზად არიან სააკაშვილის თანდასწრებით მისცენ სასამართლოს ჩვენება. ელგუჯა ცომაიამ დახმარება გაუწია სააკაშვილს საზღვარზე უკანონოდ შემოსვლაში, რაც შეეხება წოწორიებს და ნარიმანიძეს, ისინი ადასტურებენ, რომ ნახეს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ განაცხადეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოში”, – განაცხადა ვეფხვაძემ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები