LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID-19-მა მსოფლიოში ნავთობი 55.5%-ით გააიაფა

100
Lundin-EdvardGrieg-August2019-9807

მარტის თვეში ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მარტის თვის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 28.37  დოლარით/ბარელზე, ანუ 55.5%-ით 51,13 დოლარიდან  22.76  დოლარამდე/ბარელზე.

ნავთობის მიმდინარე ფასებზე გავლენას ახდენს პირველ რიგში COVID-19-ის პანდემია. აღნიშნული  პანდემიის შედეგად ნავთობზე მოთხოვნილება უკვე მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ,  სხვადასხვა გათვლებით საუბარია ნავთობზე მოთხოვნილების 20-25%-იან კლებაზე. ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება განპირობებულია ძირითადად COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინითა და ავიამიმოსვლის მნიშვნელოვანი შეჩერებით. აღსანიშნავია, რომ  პანდემიის გამო იზოლაციაში იმყოფება დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი, რაც ამცირებს სატრანსპორტო მიმოსვლას და აქედან გამომდინარე, ნავთობის მოხმარებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობის მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 60%  სწორედ საავტომობილო მოხმარებას განეკუთვნება.

ამას დაემატა ის, რომ მიმდინარე წლის 6 მარტს ჩაიშალაოპეკი +”-ის ფორმატში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგება. რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ  შეთანხმდნენ ვერც მოპოვების შემდგომ შემცირებაზე და ვერც გარიგების არსებული პირობების გაგრძელებაზე.  კერძოდ, საუდის არაბეთი სთავაზობდა „ოპეკი +“-ს ყოველდღიური მოპოვების 1.5 მლნ ბარელით შემცირებას, რასაც არ დასთანხმდა რუსეთი. რუსეთს, თავის მხრივ, სთხოვდნენ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების 300 ათასი ბარელით შემცირებას. აღნიშნული შეთანხმება ძალაში იყო 2017 წლის დასაწყისიდან. ამ შეთანხმების მიუღწევლობის გამო /წლის  1 აპრილიდან უქმდება ყველა შეზღუდვაოპეკი +“-ის ფარგლებში და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს წარმოების გაზრდის საშუალება ეძლევათ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, კორონავირუსის გამო მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება და „ოპეკი +“-ის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმწარმოებლების მიერ ნავთობის მოპოვების პოლიტიკის შეცვლას, რომელიც ძირითადად მიმართულია მოპოვების ზრდისკენ. ეს ყველაფერი კი ხდება სანავთობო ბაზრებზე უპრეცედენტო გაურკვევლობის შექმნის მიზეზი. შედეგად, დღეს გვაქვს ის, რომ გადავსებულია ყველა მსხვილი ნავთობსაცავი, იქნება ეს სახმელეთო თუ საზღვაო ტერმინალი, მათ შორის საზღვაო ტანკერები. ამან კი  უახლოეს პერიოდში შეიძლება შექმნას ნავთობის საცავებში თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებული პრობლემა.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას, პირველ რიგში უნდა შევეხოთ საქართველოს ეროვნული ვალუტის  – ლარის  გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი.  მიმდინარე თვეში მოხდა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დოლართან მიმართებაში. კერძოდ, მარტის თვის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,7835 ერთეულს და დღეისათვის მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,2845 ერთეულს.

საქართველოს საწვავის საცალო ქსელს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში ფიქსირდება საწვავის ფასის კლება. კერძოდ, თებერვლის თვის დასაწყისიდან საწვავის ფასი შემცირებულია ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 25-30 თეთრით ლიტრაზე. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:

რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,20-2,35 ლარი/ლიტრაზე,

პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,36-2,45 ლარი/ლიტრაზე,

სუპერი ტიპის ბენზინი – 2,53-2,58 ლარი/ლიტრაზე,

ევრო დიზელის საწვავი – 2,43-2,49 ლარი/ლიტრაზე“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები