LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგენილი პრაქტიკაა – პროკურატურა ჯიბღაშვილის გირაოზე განმარტებას აკეთებს

250
pjimage-3
როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე  შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით,- ამის შესახებ პროკურატურაში ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით აცხადებენ.
პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შუამდგომლობის დაყენების თაობაზე განმარტებას აკეთებს.
“აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.
რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს,  როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან  პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, გირაოს შესახებ შუამდგომლობა კი პროკურატურამ დააყენა.

ორი დღის განმავლობაში არც პროკურატურა, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც ბრალდებულის ადვოკატი მანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობასა და სახეობას. 24 აპრილს შსს-მ განაცხადა, რომ ჯიბღაშვილის მანქანიდან 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღეს.

თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი დაკავებისას თბილისის მერის, კახა კალაძის სახელს ახსენებდა. ამასთან დაკავშირებით კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვაც დაუსვეს, რაზეც მერმა ჟურნალისტს შემდეგნაირად მიმართა: “დღეს 2-იანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული.”

მოგვიანებით, როცა ჯიბღაშვილი 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, გამოთქვა ეჭვი, ხომ არ უკავშირდება მისი გათავისუფლება მის გავლენიან სანაცნობო წრეს. თავად ლევან ჯიბღაშვილს “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ფოტოები, სადაც გავლენიან ადამიანებთან ერთად არის გადაღებული, მაგალითად, შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან. თუმცა, ჯიბღაშვილი ამბობს, რომ “ნახევარ საქართველოს იცნობს”, თუმცა გავლენიანი ადამიანებისთვის დახმარება არ უთხოვია.

შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვირშვილმა განაცხადა, რომ ჯიბღაშვილის მიმართ უწყებამ ყველაზე მკაცრი მკაცრი ზომა გამოიყენა, ბრალდება კი პროკურატურამ წაუყენა და მანვე მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, რომელიც პირის მიმართ გამოიყენება ინდივიდუალურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები