LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვიანებული კრიტიკა “გუნდურობის” სახელით – როგორ დასრულდება პოლიტიკური შეჯიბრი ივანიშვილის კარზე

101
mtavari gax

ჯერ საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელმაც საქართველო სერიოზულ საფრთხეს აარიდა, მერე – საუკეთესო პრემიერი, ცოტა ხანში პანდემიის მართვის გამო საუკეთესო კრიზის–მენეჯერის როლიც მოირგო, ახლა კი უცებ მოღალატედ მონათლეს, “გაუგებრად დაგეგმილ” სპეცოპერაციებში დაადანაშაულეს და 20 ივნისის აქციის დაშლის მეთოდები დაუწუნეს. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თქვა, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებდა, როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ” ტაქტიკა შეცვალა და ყველა არსებული რესურსი გახარიას წინააღმდეგ მიმართა. ჯერ ბრიფინგებით დაიწყო და ბოლოს, ოპოზიციურ ტელეარხებზე ბოიკოტის შეწყვეტით და გადაცემებში სტუმრობით გაგრძელდა. “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “მთავართან” ინტერვიუში გახარია ყველა სპეცოპრაციის გამო გააკრიტიკა და საკმაოდ დიდი დრო, მხოლოდ წარსულში საუკეთესო კრიზისმენეჯერის წინააღმდეგ გამოსვლებს დაეთმო. წამყვანის კითხვაზე, მანამდე რატომ აქებდნენ გახარიას, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს გუნდურობის პრინციპის გამო ხდებოდა.

 

პოლიტიკოსები კობახიძე–გახარიას “დუელზე”

 

ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შემდეგ, “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებისგანაც გაძლიერდა  გახარიას კრიტიკა. პრინციპში, უნდა ეს პროცესი მისი პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ დაიწყო. მაგალითად, გია ვოლსკი ამბობს, რომ მართალია, 20 ივნისს გახარიამ სახელმწიფოს საფრთხე აარიდა თავიდან , მაგრამ “იყო ნიუანსები, რომელიც შენიშვნებს” იმსახურებს.

"ქართული ოცნება" იშლება, ეს შიდა ბრძოლის შედეგია: გოცირიძე კობახიძის განცხადებებზე

"იმ ტოტს ჭრიან და უკვე მოჭრეს, რომელზეც სხედან? ვინაიდან, გახარიამ ცოტა ურჩობა გაბედა, მასზე თავდასხმები მიდის" - რომან გოცირიძე.

ვოლსკის თქმითვე, იყო გარკვეული კითხვები გუნდში 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ის განმარტავს, ეს კითხვები უკვე თებერვალში ეჭვებში გადაიზარდა. ეჭვები კი ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა და თქვა, რომ არსებობს ინფორმაცია, გახარია–სააკაშვილის კომუნიკაციასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე.

კობახიძის ასეთი მწვავე და ღია დაპირისპირება გახარიასთან ოპოზიციამ აღიქვა, როგორც შეჯიბრი ივანიშვილის კარზე. პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ახლა ეს ერთგვარი შეჯიბრია, აჩვენონ ივანიშვილს, ვინ უფრო უკეთესია. 

 

 

„გახარია ფიქრობს, რომ შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, რომელიც შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე გაკოტრებული „ქართული ოცნება“. ირაკლი კობახიძე იცავს საკუთარ პოზიციებს, როგორც ამ გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიმღები, ძალაუფლების წყარო და საერთოდ, ყველანაირი პრობლემის მიზეზი რჩება ისევ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა”, – ამბობს სამადაშვილი.

რაც შეეხება გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესაძლებლობას, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

 

 

გახარია, როგორც “ქართული ოცნების” საფრთხე ?!

 

აშკარაა, რომ მმართველ გუნდში გარკვეული შიში თუ ეჭვიანობა გაჩნდა, რადგან როგორც ჩანს, ფიქრობენ, ივანიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე ფსონს გახარიაზე დადებს. შესაბამისად, “ქართული ოცნება” ოპოზიციის მოსაზრებით, ცდილობს, ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ მას თავი არ ამოწურავს და ხელისუფლებიდან ისინი არ უნდა წავიდნენ. გამოდის, რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ისევ ივანიშვილზეა დამოკიდებული. რა ახსნა აქვთ ექსპერტებს კობახიძე–გახარიას პოლიტიკურ “დუელთან” დაკავშირებით, ამის გასარკვევად პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მივმართეთ, რომელიც თვლის, რომ გახარიას სამართლებრივ დადანაშაულებამდე თუ მივა საქმე, ეს “ქართულ ოცნებას” ბუმერანგივით მიუბრუნდება.

თუ 20 ივნისის მდგომარეობით ითვლებოდა, რომ გახარიამ საქმე ცუდად გააკეთა, რატომ დაწინაურდა, ამ კითხვაში ლოგიკა არის: სერგეენკო

ექსპერტი კომენტარს აკეთებს მმართველი გუნდის ოპოზიციურ არხებზე გამოჩენასთან დაკავშირებითაც.

“ქართულმა ოცნებამ”, როგორც ჩანს დაასრულა ბოიკოტის რეჟიმი, რაც ერთი ფაქტით აიხსნება. მანამდე იყო გახარიას დადანაშაულება ხან დამფინანსებელზე, რომ კეზერაშვილი აფინანსებსო, ხან სააკაშვილთან მისი დაკავშირება სცადეს, მერე მიხვდნენ, რომ ეს პოლიტიკა არ არის ეფექტიანი და გაჩნდა საშიშროება, რომ გიორგი გახარია ოპოზიციურ არხებზე მარტო დარჩეს, ამიტომაც იძულებულები გახდნენ თავადაც გამოეყენებინათ ეს სივრცე. რაც შეეხება დანარჩენს, გახარიას დადანაშაულება სამართლებრივად, თავად ოცნებას მიუბრუნდება ბუმერანგივით. აქ, ჩემთვის ყველაზე საინტერესოა თავად გახარიას პოზიცია. ის სტრატეგიულ მოთმინებას იყენებს, ჯერ არ პასუხობს, არ ლაპარაკობს, აცდის, რომ ამათ ილაპარაკონ. ეს ჩემი აზრით, საინტერესო პროცესია. ალბათ, მერე გამოჩნდება გიორგი გახარიაც, რომელიც ვფიქრობ, უფრო დამაჯერებელი იქნება, ვიდრე ეს კობახიძემ მოახერხა”, – ამბობს ხუხაშვილი.

ახლა საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ეს პოლიტიკური ბრძოლა ყოფილ თანაგუნდელებს შორის და როდემდე დააკვირდება გვერდიდან ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი. ვისთან, როდის და რა ფორმით გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც ოპოზიციის თქმით, ერთგვარ რეფერენდუმად უნდა იქცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები