LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმებულებზე 200-ლარიანი დახმარების გაცემა მაისიდან დაიწყება

805
xelfasi

დასაქმებულ პირებზე მთავრობის 200- ლარიანი დახმარების გაცემა მაისიდან დაიწყება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, 6 თვის განმავლობაში 200 – ლარიან დახმარებას ის დასაქმებულები მიიღებენ, ვინც 2020 წლის პირველ სამ თვეში შემოსავალს იღებდნენ და აპრილიდან ხელფასის გარეშე დარჩნენ.

„მარტივია კომპენსაციის მოთხოვნა. დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე და სასურველია ეს იყოს საშემოსავლო დეკლარაციასთან ერთად, ელექტრონულად გადამხდელის პირადი გვერდის გამოყენებით rs.ge- ზე დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ხელფასი გაცემულია 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და შემდეგ თვეებში აღარ აუღიათ ხელფასი“,-აღნიშნა ხუციშვილმა. რაც შეეხება დამსაქმებლების მიერ წარსადგენ ინფორმაციას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს იქნება დაქირავებულის პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები.

კომპენსაციის გაცემის წესს რაც შეეხება, ხუციშვილის თქმით, ყოველი თვის 20 რიცხვამდე დამსაქმებელი მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდება შემოსავლების სამსახურში ერთიანი ბაზის ფორმირება და გადაეგზავნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება უშუალოდ თანხების ჩარიცხვა.

დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საგადასახადო შეღავათებზეც ისაუბრა. მისი თქმით, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს, საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებული, რომლის ხელფასი არ აღემატება 1 500 ლარს და დასაქმებულია კერძო სექტორში, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში, თითოეულ დამქირავებელთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე 750 ლარის ოდენობით. საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური ოდენობა არის თითოეულ სამუშაო ადგილზე 150 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათის პერიოდია 2020 წლის 1 მაისიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

„დამქირავებელი 2020 წლის მაისი-ოქტომბრის თვეებში გადახდილ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას განახორციელებს უკვე ახალი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, რომლის დეკლარირებაც მოხდება ხელფასის გაცემის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ეს არის კლასიკური სახის საგადასახადო შეღავათი, რომელიც ხორციელდება საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გზით. დამქირავებელი ყოველთვიურად წარადგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და უკვე ამ დეკლარაციაში ასახავს 750 ლარამდე გაცემულ თანხას 0%-იანი საშემოსავლო გადასახადით“, – ამბობს ლაშა ხუციშვილი.