ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო თავდაყირა დააყენა. გაჩერებული ეკონომიკა, დახურული ბიზნესები, მილიონობით დაკარგული სიცოცხლე… ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რომ პანდემიამ რაღაც დადებითიც მოიტანა? თუმცა ფაქტია, რომ ახალმა ვირუსმა მთელი რიგი პოზიტიური ამბებიც გამოიწვია…

განსაკუთრებით კარგად არსებული რეალობა ეკოლოგიაზე აისახა. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელს დედამიწამ გარკვეულწილად ამოისუნთქა…

ჰაერის დაბინძურება შემცირდა

პანდემიით გამოწვეულმა კარანტინმა ჰაერის გაანსაღებას შეუწყო ხელი. შემცირდა გადაადგილება ტრანსპორტით, ქარხნების დიდი ნაწილი კი დროებით გაჩერდა. შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ბევრ დიდ ქალაქში პირველად ათწლეულების განმავლობაში გაქრა სმოგი და მასთან დაკავშირებული დაბინძურების სხვა გამოხატულებები.

ბუნება ძალას იკრებს

ადამიანების სახლებში ჩაკეტვა დადებითად აისახა ფლორასა და ფაუნაზეც. ცხოველები გათამამდნენ და ხშირად ნახევარდ ცარიელი ქალაქების ქუჩებშიც ჩნდებოდნენ. შემცირდა არა მხოლოდ ჰაერის, არამედ წყლის დაბინძურებაც. იტალიის მარგალიტად წოდებულ ვენეციაში მოსახლეობამ შეზღუდვების შემოღებიდან მალევე შენიშნა,რომ ქალაქის არხებში წყლის ხარისხი გაუმჯობესდა და მასში თევზიც კი დაბრუნდა. ეს ადვილი ასახსნელია-გასულ წელს ვენეციამ ძალიან ცოტა ტურისტი მიიღო.

შემცირდა ხმაურით დაბინძურებაც

შესაძლოა ეს ტერმინი არ გსმენიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მას თქვენც შეუწუხებიხართ. ხმაურით დაბინძურება, ეს გახლავთ ხმაური, რომელიც თქვენს სახლში ფანჯრის გაღებისთანავე იჭრება. მანქანების ხმაური, სიგნალები, ხმაური მშენებლობიდან… დასაშვებ დონეზე მაღალი ხმაური მაღალ წნევას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს იწვევს. პანდემიამ ამ კუთხითაც დადებითად იმოქმედა გარემოზე.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სხვების დასახმარებლად გაერთიანდნენ

გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ეხმარებოდნენ მცირე ბიზნესებს, მედიცინის მუშაკებს და უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს. ბევრმა მათგანმა უზარმაზარი თანხები ჩადო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებასა და წარმოებაში. სხვებმა ხელი შეუწყვეს ნიღბების, სამედიცინო აღჭურვილობის და ხელოვნური სუნთქვის აპარატების წარმოებას და მათ შესაბამის დაწესებულებებამდე მიტანას.

ექიმების თავგანწირული შრომა დაფასდა

ექიმები, ექთნები და სანიტრები 2020 წლის ახალ სუპერგმირებად იქცნენ, რომლებიც სხვა გმირებისაგან განსხვავებით, ნამდვილად არსებობენ. პანდემიამ სხვებთან ერთად არაერთი მედმუშაკი იმსხვერპლა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ექიმებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ სამედიცინო სფეროში მუშაობა საამაყო და დასაფასებელია. ბევრ ქვეყანაში, რისკ-ჯგუფში ყოფნის მიუხედავად სამუშაო ადგილებს ასაკოვანი, პენსიაზე გასული ექიმები დაუბრუნდნენ.

ადამიანები ერთმანეთზე უფრო მეტად ზრუნავენ

საყოველთაო გაჭირვებამ ადამიანები თითქოს უფრო დააახლოვა ერთმანეთს. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებოდით სამადლობელ პოსტებს მრავალშვილიანი დედებისაგან, რომლებსაც კართან საკვები დაუტოვეს ან ხანში შესული ადამიანებისაგან, რომლებზეც მეზობლები ზრუნავდნენ. ადამიანური ურთიერთობები 2020 წელს უფრო დაფასდა და თითქოს ყველამ გაითავისა, რომ უკეთესს ვერაფერს გააკეთებ, ვიდრე სხვების დახმარებაა…

 

 

მსგავსი თემები