LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავალება თუ თხოვნა?! – როგორ ემზადება “ქართული ოცნება” პარტიული ღონისძიებისთვის

196
13701193-303621273316237-20

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 14 დეკემბერს ფართობასშტაბიან აქციას გეგმავს.

„ერთად აღვნიშნოთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა,
მხარი დავუჭიროთ ქართულ ოცნებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს!“ – წერია „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე.

 

 

ფრაქციის განმარტებით, თბილისში პარტიული ღონისძიება გაიმართება, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება ხდება, რომელსაც კოორდინაციას „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები უწევენ.

ამასთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ  განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.

საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ.

ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან“, – წერია განცხადებაში.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ დაგეგმა. რამდენიმე დღის წინ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილ აქციას მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდიც უერთდება, შესაბამისად კი, მასზე დასწრების მსურველების რეგიონებიდან ტრანსპორტირებას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს.

„ამ დღესთან დაკავშირებით ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ქართული ოცნების კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ყველა რეგიონიდან, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს, მობრძანდით, ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ” – განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით,  14 დეკემბერს ქართული ოცნების დაგეგმილი “მასშტაბური შეკრების” გამო, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

პოპულალურები