LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავირუსებული მძღოლები, კარანტინი შემოსულებისთვის და კონტროლირებადი ვითარება – ამირან გამყრელიძე დამშვიდებას არ გვირჩევს

88
89826056-1623427094461855-7841956670077927424-o

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო სამი კვირის განავლობაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანების 30-მდე მძღოლს აქვს დადასტურებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ტრაილერების მძღოლები არიან ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაშიშემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო. დღემდე „პისიარ“ ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე სატვირთოს მძღოლი.  ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება და ბოლო სამი კვირის განმავლობაში 30-მდე დადასტურებული შემთხვევაა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, დღემდე სულ ჩატარებულია 11 000 „პისიარ“ ტესტი.
„ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული.
ერთ მილიონ მოსახლეზე თითქმის 30 000 ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას.

ამირან გამყრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად კონტროლირებადი და მართვადია.

“გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საკმაოდ კარგი გვაქვს – 86%-ზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით. სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1,6%-ს, რაც საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით დაბალია“,-აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები კვლავ კარანტინის რეჟიმს გაივლიან.
„ჯერჯერობით, ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანისთვის ძალაში რჩება. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი, ე.წ. თვითიზოლაცის, როდესაც ოჯახზეა საუბარი“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

გამყრელიძე ასევე აღნიშნავს: “ის, რომ საქართველო გამოიყურება ოაზისად და კორონავირუსის ერთეული შემთხვევებია ყოველდღიურად, არ იძლევა დამშვიდების საფუძველს – უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში”.

გამყრელიძემ ყურადღება რეკომენდაციების დაცვის საჭიროებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მეორე ტალღის პრევენციისთვის მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

შეგახსენებთ, საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 928 გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები