LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯში გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა

123
S78568

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, შეზღუდვები უსაფრთხოებისა და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა.

“როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობისა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა” – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დავით გარეჯთან ვითარება გართულდა, აზერბაიჯანელებმა კარავი გაშალეს, გზა ბლოკირებულია

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საზღვრის ამ მონაკვეთზე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც და ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად დროებით შეიზღუდა მრევლისა და ტურისტების გადაადგილება.

როგორც დარსალია განმარტავს, ამ ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა მანამდეც, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული სასაზღვრო პრობლემის განსახილველად, ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ერთმანეთს აგვისტოში შეხვდებიან.

დარსალიას განცხადებით, ექსპერტების პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები