LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანი დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

87

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული დიპლომატია ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და განვითარების ავანგარდში!

წელს ჩვენ 100 წელი შეგვისრულდა, სწორედ საგარეო უწყება – მაშინდელი გარეშე საქმეთა სამინისტრო, 1918-1921 წწ-ში სულ რაღაც 40-მდე დიპლომატით, იღწვოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად!

ჩვენ იგივე გზა განვვლეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ – 90-იან წლებში. მახსენდება ქართველ დიპლომატთა პირველი თაობა. ადამიანები და პროფესიონალები, რომელთა საქმიანობა და შემართება გასაოცარი გმირული მუხტით იყო სავსე. ამ თაობამ ბევრი სასახელო ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში – ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად საერთაშორისო ასპარეზზე.

მახსენდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების ფოიერვერკი, საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და საქართველოს დროშის აღმართვა ნიუ – იორკში, სტამბოლის სამიტი და რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან, საქართველოს პირველი ევროპული და ევრო-ატლანტიკური განაცხადი, ის თუ როგორ მოიხაზა ჩვენი ქვეყანა გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში, მახსენდება იმ წლების უამრავი საერთაშორისო ფორუმი, სადაც სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა საქართველოს ხმა. სამწუხაროდ ქართველ დიპლომატთა იმ პირველი თაობის ბევრი წარმომადგენელი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, თუმცა მათი სახელი ჩვენი ქვეყნის მიღწევებშია უკვდავყოფილი.

დღეს ქართულ დიპლომატიას შესანიშნავი ახალი თაობა ჰყავს, დღეს ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოებრივი განვითარებით და მიღწეული პროგრესით თანამედროვე დემოკრატიული ევროპული სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრია. საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის ქართული სახელმწიფოს კეთილშობილური მიზნების შესახებ, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრებს ვეძებთ, რომ თანამედროვე მსოფლიოს ნებისმიერი გამოწვევა ჩვენი გამოწვევაცაა, რომ ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოებისა და მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ძალიან მკაფიოა ჩვენი მიზანი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

ქართულ დიპლომატიის უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ მჯერა საქართველო ახალი შესაძლებლობებით, მშვიდობით, განვითარებით, აღმშენებლობის შეუქცევადი კურსით შეძლებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

მილოცვასთან ერთად, მინდა სრული პასუხისმგებლობით მოგმართოთ ყველა ქართველ დიპლომატს, თქვენს ოჯახებს, მთლიანად ჩვენი ქვეყნის საგარეო სამსახურს – მინდა იცოდეთ და სულ გახსოვდეთ, რომ ქართული სახელმწიფო ზურგს გიმაგრებთ. უაღრესად გაფასებთ და თქვენს გვერდითაა თქვენი სამშობლო, რათა ჩვეული სიმშვიდით, მკაფიო ამოცანებითა და დღის წესრიგით, დახვეწილი პროფესიონალიზმით გაუკვალოთ გზები და ბილიკები თქვენს სამშობლოს გამოწვევებით სავსე მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში.

გულწრფელი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი საოცარი შემართებისათვის, სამაგალითო პატრიოტიზმისთვის, გმირული თავდადებისათვის. მინდა გისურვოთ გამარჯვებები და წარმატებები საქართველოს საკეთილდღეოდ და დაგარწმუნოთ რომ თქვენი სამშობლო სათანადოდ აფასებს თქვენს ღვაწლსა და მონდომებას“, -ნათქვამია მინისტრის მილოცვის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები