LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უწყებები „ლიბერთი“ ბანკთან არიან შეკრულები და ჩვენ პენსიონერებს „ატყავებენ“: ანა დოლიძე

61
ანა დოლიძე

„დღევანდელმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომამ დაგვანახა, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები  ბანკის ხელმძღვანელობასთან შეკრულები არიან. ამბობენ, რომ ვერც ეროვნული ბანკი  და ვერც ჯანდაცვის სამინისტრო პროცესს ვერ დაარეგულირებს. ამასობაში კი, 400 000 პენსიონერი „ლიბერთი ბანკის“ ხახაშია ჩაგდებული,“ – განაცხადა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ.

ამის შესახებ დოლიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემდეგ განაცხადა, სადაც საპენსიო სესხებზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენის, ჩვენი პენსიონერების გატყავება მიდის. ორი პენსიონერიდან ერთს აქვს საპენსიო სესხი, რომელიც დაახლოებით ორჯერ უფრო ძვირია მისთვის, ვიდრე  საშუალო ასაკის ადამიანისთვის. პენსიონერი ყოველთვიური პენსიიდან დიდ თანხას ტოვებს „ლიბერთი ბანკში“, ისე რომ შეიძლება მას საარსებო მინიმუმიც კი არ დარჩეს ჯიბეში.

დღეს ნათლად დავინახეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები შეკრულები არიან ბანკის ხელმძღვანელობასთან, დავრწმუნდით, რომ სახელმწიფოს არავითარი სურვილი არ აქვს, რომ ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

მთავარი კი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში 400 000 პენსიონერი დღეს „ლიბერთი ბანკის“ ხახაშია ჩაგდებული და საკუთარი პენსიის, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების დიდ ნაწილს ტოვებს სწორედ „ლიბერთი ბანკში“, მაშინ როდესაც არსებობს ყველანაირი საშუალება, რომ პენსიონერებს დღეს ჰქონდეთ ზუსტად ისეთივე საპროცენტო განაკვეთი, როგორიც აქვთ ჩვეულებრივ ადამიანებს“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე ყინული დაიძრა და პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„უმთავრესია, რომ დღეს ეს შეხვედრა მოეწყო, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სხდომაზე მოიყვანეს „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელი, რომელმაც თუნდაც მინიმალურად, მაგრამ ისაუბრა საპენსიო სესხის თემაზე. თუკი ამას მოჰყვება შემდგომი აქციები, შეხვედრა „ლიბერთი ბანკთან“, წნეხი ჯანდაცვის სამინისტროზე, შესაძლოა შედეგად პენსიონერებს მოექცნენ არა როგორც გასატყავებელ, საექსპლუატაციო მასალას, არამედ როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს,“ – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დაწყების წინ, „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეებმა პენსიონერებისთვის 40%-იანი საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ განახევრება მოითხოვეს.

როგორ შეიძლება 40%-იანი სესხი ჰქონდეს პენსიონერს, რომელსაც ისედაც 200 ლარზე უწევს ცხოვრება: ანა დოლიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები