LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაწყვეტილი ნერვების გამარჯვება: საქართველომ ბოლო წამებზე მოიგო (ფოტო-ვიდეო)

47496911_2511784008838072_806116617875357696_n

საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა. სპორტის სასახლეში ბევრი ემოციური და დაძაბული თამაში გვინახავს, თუნდაც საბერძნეთთან ამასწინანდელი შეხვედრა რომ ავიღოთ ან ცოტა ადრე ბოსნიასთან ასევე ძალზე ემოციური თამაში, მაგრამ ისრაელთან მატჩი ამ მხრივ ალბათ მაინც გამორჩეულთა შორის ჩაეწერება. ჯერ იყო და ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენი შანსი მოგვეცა და ერთი ბურთიც არ ჩავარდა. მერე ოვერტაიმშიც არა და არ ჩადიოდა ბურთი კალათში, სანაცვლოდ სტუმრებიც ბევრს აფუჭებდნენ და ასე იყო საყაიმო ანგარიში და ყველაფერი კიდევ ერთი ოვერტაიმისკენ მიდოდა, როდესაც შერმადინი ფარქვეშ შეიჭრა და გამარჯვების ჩააგდო – 71:69. მიუხედავად სიხარულისა, გულშემატკივარსაც და კალათბურთელებსაც ოდნავ მოცდა მოუხდათ, რადგან მსაჯებს ვიდეოს ნახვა დასჭირდათ. დროში ჩავეტიეთ კი არა, ისრაელს 0.3 წამიც დარჩა, რაც ბუნებრივია სრულიად არ იყო საკმარისი შეტევის მცდელობისთვისაც კი. მოკლედ, ძალიან დრამატულ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩს საქარველოს 21 თებერვალს საბერძნეთში ამ ქვეყნის ნაკრებთან, ხოლო 24-ში თბილისში – ესტონეთთან გამართავს. რაც შეეხება შანსებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორი შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო ჯგუფში ჩვენს წინ ერთადერთი ქულით მყოფმა სერბეთმა, რომელმაც საბერძნეთი 84:61 დაამარცხა, დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა წააგოს.

ბუნებრივია შანსი დიდი არ არის, მაგრამ არის და სპორტშიც ყველაფერი ხდება.

 

ვიცოდი, რომ ქართველები ამაყი და მებრძოლი ხალხია

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

“პირველ რიგში, მინდა მივულოცო აკალათბურთელებს, რომლებმაც მთელი გულით ითამაშეს. მადლობა მწვრთნელებს და მთელ პერსონალს. ადვილი არ იყო, რომ ასეთ მოკლე დროში გუნდი ორი მატჩისთვის კარგად მომზადებულიყო. ასეთ ვითარებაში, ყველაზე სწორი გამოსავალია დაცვაში კარგი თამაში და ეს მოვახერხეთ კიდეც. ჩვენი მოთამაშეები 200%-ით დაიხარჯნენ და დაამარცხეს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელმაც თავის მხრივ, სერბეთს მოუგო.

ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივარი, რომელიც მთელი თამაში გვეხმარებოდა და განსაკუთრებით ბოლო წუთებში. როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ვიცოდი რომ ქართველები იყვნენ ამაყი და მებრძოლი ხალხი და ეს ყველა შეხვედრაში მტკიცდება. თორნიკე შენგელიამ ყველას გვაჩუქა სამაჯური, რომელსაც აწერია ქართული სული. საქართველოს ნაკრები ბოლომდე იბრძვის ყველა შეხვედრაში.

გიორგი შერმადინმა და გოგა ბითაძემ ერთად ძალიან კარგად ითამაშეს. ბექა ბურჯანაძე დიდი ხნის შემდეგ დაგვიბრუნდა და მთელი გულით ითამაშა. გვყავს ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრების მომავალია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ახალ თაობას მივცეთ ასპარეზი. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიგულშემატკივრა: ჩვენ ერთი გუნდი ვართ”.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გოგა ბითაძე გახდა:

“დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. როგორც ესტონეთში, ისე დღეს, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი მცირეა, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ბოლომდე ვიხარჯებით. თუ ამ გამარჯვებით ჩვენი შანსები გაიზრდება, შესანიშნავი იქნება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები