LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა – ექიმი

gelantia

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარინა გელანტიამ განაცხადა.

ექიმის განცხადებით, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად პაციენტისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას განსაზღვრავს.

„გუშინ საღამოს ჩატარდა კონსილიუმი. კონსილიუმში ჩვენი კლინიკის ექიმებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკაში ამ დარგში ცნობილმა სპეციალისტებმა. მათ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და დღემდე განხორციელებული კვლევები და გამოკვლევები. ამ ეტაპისთვის ინსულტი არ იქნა დადასტურებული. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.

მკურნალობა მიმდინარეობს სტანდარტულად, ასევე მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში. ამ კვლევების შედეგებს დამატებით მოგახსენებთ. ტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები, ფუნქციური ენცეფალოგრამა და ნეიროფიზიოლოოგიის დამადასტურებელი კვლევები.

ამჟამად პაციენტის მარჯვენა ხელ-ფეხის მოქმედება პარალიზებულია, თუმცა თავად კონტაქტურია და ადეკვატურია. რამდენი ხანი დარჩება გიორგი მამალაძე საავადმყოფოში, ეს კვლევის შემდეგ გაირკვევა,“ – განაცხადა მარინა გელანტიამ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.