LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალია: „საქართველოში მოდით მდიდარი ადამიანები არიან დაკავებულები, ფეხბურთელების ცოლები და ქალიშვილები…“

demna-gvasalia

დემნა გვასალიას სოციალურ ქსელში აქვს ქართველი ფანების გვერდი Demna Gvasalia Daily, რომელიც ქართველ დიზაინერთან, „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორთან და „ვეტმანის“ დამფუძნებელთან დაკავშირებულ სიახლეებს ყოველდღიურად უზიარებს მკითხველს.

ახლახან მათ გამოაქვეყნეს ინტერვიუ, რომელიც გვასალიამ ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას მისცა.

გთავაზობთ ამონარიდს:

ბავშვობაში დედიკოს ბიჭი უფრო იყავი, თუ მამიკოსი?

დემნა: (იცინის) მგონი არც ერთის, უფრო საკუთარი თავის ბიჭი ვიყავი, რაც პრობლემა იყო.

როგორი თინეიჯერი იყავი? როგორ ერთობოდი?

მაშინ თბილისში ვცხოვრობდი და ჰიპ-ჰოპით ვიყავით შეპყრობილი. ჩემი გმირი ნოტორიუს ბიაიჯი იყო. ქუჩაში ვიყავი, ვეწეოდი და იმ ბიჭებს ვეჩხუბებოდი, რომლებიც სნუპ დოგს უსმენდნენ. სისულელეა, მაგრამ ასე ვერთობოდი. შემდეგ უფრო მძიმე მუსიკა აღმოვაჩინე. მთელი დღეები სისთერ ოფ მერსის ვუსმენდი. ზოგადად ასოციალური თინეიჯერი ვიყავი, დეპრესიული, ყველაფერი მეზიზღებოდა.

როგორი იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა?

ძალიან საშინელი შედარება უნდა გავაკეთო (იცინის) წარმოიდგინეთ, კაცი ციხეშია და 20 წელია სექსი არ აქვს, გამოვა და… დაახლოებით ასეთი იყო.

რა შეიცვალა, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა?

უეცრად ჩვენს ცხოვრებაში კოკა-კოლა, ვოგი და მაკდონალდსი გაჩნდა. მახსოვს, ერთხელ დაბადების დღე თბილისის მაკდონალდსში გადავიხადე და უბედნიერესი ვიყავი. ვოგი პირველად 14 წლის ასაკში ვნახე, იტალიური იყო, თუ გერმანული აღარ მახსოვს, მაგრამ ვალენტინოს წითელი კაბა მახსოვს, რომელიც შიგნით ვნახე.

საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარე, რატომ?

ზოგადად ხატვა მომწონდა, კარგადაც ვხატავდი, მაგრამ როცა სახლში ვთქვი, რომ მხატვარი მინდოდა ვყოფილიყავი, რადგან დიზაინერობა პროფესია თუ არსებობდა მაშინ არც ვიცოდი, ჩემებმა დამიწყეს, „ხატვით ფულს როგორ იშოვი?“ ამიტომ იქ ჩავაბარე, სადაც ჩემს მშობლებს უნდოდათ. მაშინ საქართველოში ბიჭისთვის მოდაში იყო საერთაშორისო ეკონომიკა. სხვათა შორის კარგადაც ვისწავლე, სტიპენდიასაც მთავაზობდნენ. ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, პარლამენტში გასაუბრებაზეც ვიყავი, მაგრამ რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ტანსაცმელი მაინტერესებდა. ერთხელ ძმაკაცი მოვიდა და მითხრა, რომ თბილისში ამიერკავკასიის კონკურსი ტარდებოდა დიზაინში. აბსოლუტურად გამოუცდელი და უცოდინარი ვიყავი. ყველაფერი ჩემით გავაკეთე და მეორე ადგილი დავიკავე. გავოგნდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ საქმიანობას ხელს ვერ მოვკიდებდი. საქართველოში მოდით მდიდარი ადამიანები არიან დაკავებულები, ფეხბურთელების ცოლები და ქალიშვილები. ამიტომ ვიფიქრე, რომ ეკონომიკის მაგისტრატურა გამეგრძელებინა და ბანკში დამეწყო მუშაობა. თუმცა შემდეგ გერმანიაში გადავედით საცხოვრებლად და იქ უკვე გადავწყვიტე, რომ ჩემს ოცნებებს გავყოლოდი (იცინის).

შენი მშობლები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას?

თავიდან არ ესმოდათ. რთული იყო ამეხსნა რას ვაკეთებდი. ჩემმა მშობლებმა დიზაინერად მას შემდეგ მაღიარეს, რაც ბალენსიაგაში დამნიშნეს. ბავშვობაში სიბნელეში ბებია ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემთვის, ის საინტერესო ქალი იყო, საინტერესოდ იცვამდა. საბჭოთა კავშირში ყველას ერთნაირად ეცვა, მაგრამ ის მაინც თავისებურად იხდენდა, აკეთებდა. ჩემს გონებაში მისი წარმოსახვითი სტილისტი ვიყავი. ყოველთვის მეკითხებოდა ჩემს აზრს, თუნდაც მაშინ, როცა საერთოდ არ სჭირდებოდა, მაინც მეკითხებოდა. უპირობოდ ვუყვარდი.

გერმანიაში გადასვლის შემდეგ რა მოხდა?

შემოქმედებითი ბულიმია მჭირდა. იმდენი რამ იყო აღმოსაჩენი, რაც მე არ ვიცოდი. იქ 12 წლის ბავშვებმა იცოდნენ ის, რაც მე 19 წლის ასაკში არ ვიცოდი. ხელოვნება, მუსიკა, მოდა, რაც საბჭოთა კავშირში მიუწვდომელი იყო, უეცრად ჩემ წინ გაჩნდა. მინდოდა, ყველაფერი ერთდროულად მესწავლა.

ანტვერპენი

ანტვერპენში საკუთარი თავი ვიპოვე. ანტვერპენში მქონდა ჩემი პირველი საკუთარი სახლი, პირველი სიყვარული. ანტვერპენში ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების და დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება.

პარიზში როდის გადმოხვედი?

2008 წელს, როცა მარჯიელაში დავიწყე მუშაობა. პატარა სივრცეში ვცხოვრობდი ჩემს ოთახის მეზობელთან ერთად.

დღეს პარიზის ყველაზე პრესტიჟულ უბანში გაქვს ბინა ტერასით.

ხო, ნათელი ბინაა, ყოველ დილით მზე შემოდის და სათვალის გაკეთება მიწევს, როგორი მოდურია, არა? (იცინის)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები