LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეპრესია საქართველოში – როგორია მაჩვენებელი და რას აპირებს სახელმწიფო

862

დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა დეპრესიაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში დეპრესია, დაახლოებით, 300 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არასოდეს ჩატარებულა კვლევა და არც ზუსტი სტატისტიკა გვაქვს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში სწრაფად განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დეპრესიით დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო მატულობს.

 

რას ამბობს ექსპერტი

ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, მანანა შარაშიძე, „ფორტუნასთან“ განმარტავს, რომ სტატისტიკაში მხოლოდ იმ ადამიანების რიცხვია ასახული, რომლებიც ფსიქო-ნერვოლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე ოფიციალურად დადგნენ. მანანა შარაშიძე ამბობს, რომ სტიგმის, სერვისის გეოგრაფიული მიუწვდომლობის და დაბალი ხარისხის მომსახურების გამო, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უმრავლესობა ამ სერვისებს არ მიმართავს. ზუსტი სტატისტიკის არარსებობა მეტყველებს ქვეყანაში ეპიდზედამხვედელობის სისუსტეზე.

„გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალია, გარდა ამისა, ანტიდეპრესანტების არჩევანი არაა დისპანსერებში, რადგან დაფინანსება საკმაოდ მწირია. რეგიონებში თვეში პაციენტზე 6-10 ლარი, თბილისში თვეში 19 ლარი ერთ პაციენტეზე. ეს თანხები არაა საკმარისი. ამიტომ დისპანსერებს ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს, – ამბობს მანანა შარაშიძე.

აღმოჩნდა, რომ სერვისის ხარისხის გარდა, სტატისტიკის უქონლობაში სტიგმის როლიც ძალიან დიდია. ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამის გამო არ მიმართავს ექიმს. მეტიც, როგორც მანანა შარაშიძე ამბობს, მიმართავენ ჯადოს „მომხსნელს“, ექსტრასენსს, ხშირად ნერვოლოგს, მაგრამ არა ფსიქოთერაპევტსა და ფსიქიატრს მაშინ, როცა დეპრესიის მკურნალობა სწორედ მათი პრეროგატივაა.

„სამი კრიზისული ინტერვენციის სამსახური  ფსიქიატრიული სტაციონარის  ტერიტორიაზეა, ეს ტერიტორია სტიგმატიზირებულია, არ უნდათ იქ ადამიანებს გამოჩენა. სერვისები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში უნდა იყოს ინტეგრირებული.

“ძალიან ბევრი ადამიანი მიდის  საერთო პროფილის პოლიკლინიკაში, ისინი ადგენენ სომატური ჩივილებს და მიდიან ამ სომატური დაავდებების სამკურნალოდ, უამრავ გამოკვლკევას იტარებენ და  ამ დროს ამ სომატური ჩივილების უკან ხშირად დგას  ფსიქიკური პრობლემები. ოჯახის ექიმებმა უნდა იცოდნენ ამის გამოცნობა და ამის შემდეგ უნდა აგზავნიდნენ ფსიქოთერაპევტთან და ფსიქიატრთან, არა ნევროლოგთან.

“დეპრესიის მკურნალობისთვის მხოლოდ ფსიქოტროპული წამლების დანიშნვნა არ არის საკმარისი, სჭიროა ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტური მკურალობის კომბინაცია. ნერვოლოგების უდიდესმა ნაწილმა არ იცის დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების მკურნალობა, ამიტომ  ფსიქიკური პრობლემის მქონე პირებმა აუცილებელია მიმართონ ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს, და არა ნერვოლოგს,“ განმარტავს მანანა შარაშიძე.

დეპრესიის მთავარი სიმპტომებია:

  • გუნება-განწყობის დაქვეითება; „სიცარიელის“ შეგრძნება;
  • პესიმიზმი, სასოწარკვეთა; უმწეობის შეგრძნება;
  • ადვილად დაღლა, გაღიზიანებადობა;
  • მადისა და წონის ცვლილება: ხშირია წონაში კლება, ზოგჯერ კი პირიქით, წონაში  მომატება;
  • საყვარელი საქმიანობისგან სიამოვნების ვერ მიღება/ინტერესის დაკარგვა;
  • კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები;
  • ფიქრები თვითმკვლელობაზე, სუიციდის მცდელობები;
  • ძილის დარღვევა

ერთდროულად ყველა სიპტომები არ ვლინდება.

 

ფსიქიატრი განმარტავს, რომ დეპრესია მამაკაცებში ხშირად სხვაგვარად ვლინდება, რადგან ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს გრძნობების თვითიდენტიფიკაცია უჭირთ.

„აქვთ აწეული გაღიზიანებადობა, ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ ყველა წვრილმანზე  ბრაზობს,  გამუდმებით გაბრაზებულია ოჯახის წევრებზე, თანამშრომლებზე და ა.შ.“ – ამბობს მანანა შარაშიძე.

ფსიქიატრი ამბობს, რომ მამაკაცები დეპრესიას იშვიათად მკურნალობენ, რაც სტერეოტიპებთან არის დაკავშირებული. არანამკურნალევ შემთხვევებს კი სუიციდამდე მივყავართ.

„არსებობს ასეთი პარადოქსი, რომ მამაკაცებთან შედარებით ქალებში დეპრესიის შემთხვევები ბევრად უფრო ხშირად არის აღრიცხული, მაშინ, როცა მამაკაცებში, ქალებთან შედარებით, სუიციდი სამჯერ ხშირია. ეს ნიშნავს, რომ მამაკაცები სამკურნალოდ იშვიად მიმართავენ ექიმს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს სისუსტეა, ხშირად გამიგია, რომ ეს ქალის დაავადებაა, რომ მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი, ძლიერი, კუნთმაგარი, ამიტომ ისინი ექიმს არ მიმართავენ და მკურნალობის გარეშე დარჩენილები, ბევრად უფრო ხშირად  მიდიან თვითმკვლელობამდე,“ – ამბობს მანანა შარაშიძე.

დეპრესიას იწვევს გენეტიკური-ბიოლოგიური, გარემო და ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა.

„დეპრესია პირდაპირ, გენეტიკურად არ გადაეცემა, თუმცა რაიმე ტრაგედიის შემთხვევაში გენეტიკური მიდერეკილება გარკვეულ როლს თამაშობს. დეპრესიას ბიძგს (ტრიგერია) გარემო ფაქტორი აძლევს,“ ამბობს მანანა შარაშიძე.

ფსიქიატრი განმარტავს, რომ მის პრაქტიკაში მამაკაცების შემთხევევაში დეპრესია ხშირად სამსახურის დაკარგვას უკავშირდება, ქალების შემთხვევაში ოჯახურ ძალადობას, ასევე რეპროდუქციულ ფუნქციას და საკმაოდ ხშირია ორსულობის დროს, მშობიარობის შემდეგ.

„ბოლო პერიოდში წამოიჭრა სამსახურში ძალადობის თემა. მე არ მქონია სექსუალური ძალადობის შემთხვევები, მაგრამ მქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები სამსახურში, როცა უფროსი და თანამშრომლები ძალადობენ ქალზე, მაგრამ უფრო აქტუალური და ძალიან ხშირია ოჯახში ძალადობა. მოდიან სომატური სიმპტომებით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებით. ვეკითხები, მომიყევი, რა ხდება ოჯახში და ოჯახში ისეთი რაღაცები ხდება, რომ ამის ფონზე ვითარდება ფსიქიკური პრობლემები,“ – ამბობს მანანა შარაშიძე.

მანანა შარაშიძე ამბობს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლაში სახელმწიფოს დღეს სუსტი როლი აქვს. ფსიქიატრი (ექსპერტი)  მიიჩნევს, რომ ამ კუთხით გამოყოფილი 16 მილიონი ლარი არასაკმარისია და ეს თანხა  მინიმუმ 3-ჯერ უნდა გაიზარდოს.

 

სახელმწიფოს პასუხი

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სერვისის მიწოდების კუთხით პრობლემებს ვერ ხედავენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ სერვისების მიწოდება გეორაფიულად სრულადაა დაფარული. თუმცა იქვე ადასტურებს, რომ სერვისი ყველა რაიონში ხელმისაწვდომი არ არის. 

„გეოგრაფიულ მოცვაზე და მის გაძლიერებაზე იმ კუთხით უნდა ვიზრუნოთ, რომ მობილური გუნდები გავაძლიეროთ, რომ თუ პაციენტი ვერ მოდის და მეთვალყურეობის გარეშეა, ადგილზე მიაკითხოს მობილურმა გუნდმა. ამ მიმართულებით ვაპირებთ წასვლას,“ – ამბობს ეკა ადამია.

რაც შეეხება რეგიონებსა და თბილისში პაციენტზე დახარჯულ მწირ და სხვადასხვა მოცულობის თანხებს, რომელზეც მანანა შარაშიძე საუბრობს. ეკა ადამია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი დაყოფა არ აქვს და პაციენტზე მიბმული გათვლა არ არსებობს.

„ბიუჯეტი არის ისტორიული, იმის მიხედვით, რამდენი პაციონტი ყავდათ, რამდენი ხარჯი აქვს ყოველწლურად დაწესებულებას. რაც შეეხება მედიკამენტების მრავალფეროვნებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ  რომელი ექიმი რომელ მედიკამენტს ირჩევს,“ – აცხადებს ეკა ადამია.

 

არსებული რეალობა

2015 წლის მონაცემებით, ზოგადი სტატისტიკით, 100 000 მოსახლეზე 1978.4 ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი ფიქსირდება. ქვეყანაში ფუნქციონირებს 18 ამბულატორიული დაწესებულება და 12 სტაციონარული განყოფილება, მათ შორის მრავალპროფილურ კლინიკაში მხოლოდ 2-ია. 2015 წლიდან არსებობს 3 მობილური გუნდი.

აბულატორიული მომსახურების გეოგრაფიული დაფარვა: თბილისი, აჭარა (1 დაწესებულება), გურია (2), იმერეთი (3), კახეთი (2), მცხეთა-მთიანეთი (1), სამეგრელო (2), სამცხე-ჯავახეთში (1), ქვემო ქართლი 1, შიდა ქართლი (2).

 

სამომავლო გეგმები

 

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის და პროგრამების სამმართველოში „რევოლუციურ“ გეგმებზე საუბრობენ, თუმცა, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი უჭირთ, რადგან ბიუჯეტის დამტკიცებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი.

სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია, ამბობს, ახლა მათი პრიორიტეტი დეინსტიტუციონალიზაცია და სერვისების მრავალპროფილურ კლინიკებში გადატანაა.

„უნდა გადავიდეთ სათემო სერვისებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მობილური გუნდები გვეყოლება, ვაფართოებთ მობილური გუნდების ჩართულობას, კომპონენტს პროგრამაში. მომავალი წლისთვის მობილური გუნდების მინიმუმ გაორმაგებაა დაგეგმილი.

“გაწერილია, რომ აბულატორიული და სტაციონალური სერვისები პრაქტიკულად გაუტოლდეს ერთმანეთს. სათემო სერვისები უნდა გაიზარდოს და სტაციონარული შემცირდეს, იმიტომ რომ ეს ოქროს სტანდარტია. ამ სერვისების ინტეგრირება პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში უნდა მოხდეს. ფსიქიატრიის პროგრამაში მთლიანად გადაიხედება სერვისები, ეს არ შეეხება ერთ მიმართულებას.

“2018 წლისთვის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავთ. რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. თუ ეს რეალურად შევძელით, ეს იქნება რევოლუციური ცვლილება ამ პროგრამაში,“ – აცხადებს ეკა ადამია და განმარტავს, რომ ამჟამად სტანდარტებზე ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

ეკა ადამია ვერ აკონკრეტებს, რა მიმართულებით რამდენი სტაციონარი გვექნება 2018 წლიდან და რამდენ პირველადი ჯანდაცვის ცენტრს დაემატება სერვისები. ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია სტანდარტებსა და ბიუჯეტზე.

„გაზრდილი მოთხოვნით გვაქვს გაგზავნილი ბიუჯეტი. ამ ეტაპზე მოვერიდები კონკრეტული რიცხვის გაჟღერებას, იმიტომ რომ ამას ხანდახან ისეთი შედეგი მოსდევს, შეიძლება არ დამტკიცდეს და მერე ამან გამოიწვიოს გაურკვევლობა. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს მოთხოვნილი, შარშანაც ვითხოვდით იგივეს და არ მოხერხდა, წელს იმედი გვაქვს, რომ მხარს დაგვიჭერენ,“ – ამბობს ეკა ადამია.

ბიუჯეტი, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება დამტკიცებული. ზემოთ აღნიშნული გეგმების განხორციელება შესაძლებელი პარლამენტის მხარდაჭერის შედეგად გახდება.

 

 

თაკო ივანიაძე