LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფები ავრცელებდნენ“ – DRI შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

81
DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ანგარიში მოიცავს ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვების შედეგებს – 2020 წლის დეკემბრიდან, 2021 წლის ივნისის ჩათვლით. მასში გაანალიზებულია მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ტენდენციები და გამოკვეთილია ძირითადი მიგნებები.

DRI-ის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, შესამჩნევი გახდა საქართველოს საზღვრების გარედან მომდინარე, დეზინფორმაციული ნარატივებით საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების რადიკალიზაციის მცდელობა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად ულტრამემარჯვენე  ნაციონალისტური ჯგუფები ავრცელებდნენ.

არასრულყოფილი და ნაკლოვანი პოლიტიკა მულტიეთნიკურ რეგიონებში

DRI-ის ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა სახელმწიფოს არასრულყოფილი და ნაკლოვანი პოლიტიკა მულტიეთნიკურ რეგიონებში.

„ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, სათანადო ყურადღება არ დაეთმო გაგის ციხეზე, ჯვრის მოპარვის და შემდგომ თავიდან აღმართული სიმბოლოს დაზიანების ფაქტებზე შესაძლო სიძულვილის მოტივის გამოძიებას.

ნაცვლად ამისა, შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) დაიწყო, ხოლო ხელმეორედ აღმართული ჯვრის დაზიანებაზე – საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება),“ – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ამასთან, როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, აღნიშნულ შემთხვევებში, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სათანადო ყურადღება არ დაეთმო სისხლის სამართლის საქმეში შესაძლო სიძულვილის მოტივის გამოკვეთასა და გამოძიებას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ნაცვლად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებისას შეუწყნარებლობის მოტივის არსებობის არაერთი ინდიკატორი სრულად უგულებელყო.

როგორც DRI წერს, მონიტორინგის შედეგად, ასევე გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების არაერთი მცდელობა – წაეხალისებინათ დაძაბულობა დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან.

„ჯგუფების წარმომადგენლები და მათი ლიდერები, პირადად ჩადიოდნენ ამ რეგიონებში, ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას ან/და მოვლენების გაშუქებას ექსტრემისტული ნარატივების ჭრილში.

17 მაისს, დმანისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ ჩასული „ქართული მარში“ ძირითადად ესკალაციის წახალისებით იყო დაკავებული.

ულტრანაციონალისტური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ონლაინ მედია პლატფორმამ კი მოვლენა ცალმხრივად, ეთნიკური დაპირისპირების ჭრილში გააშუქა,“ – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯგუფის ლიდერებმა მიუთითეს, რომ „ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმი მოსახლეობა წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნის ერთიანობისათვის და აუცილებელია ანალოგიური ერთიანობა ქრისტიანმა, ქართველმა მოსახლეობამაც გამოიჩინოს.

DRI ფიქრობს, რომ დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 17 მაისის განცხადებაში ფაქტობრივად დაადასტურა დაინტერესებული მხარეების არსებობა, რომლებიც დაწყებული საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ეთნიკურ დაპირისპირებაში ხელოვნურად გადაზრდას ცდილობდნენ. მათივე შეხედულებით, აღნიშნულის მიუხედავად, ამ ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

„მულტიეთნიკურ რეგიონებში სახელმწიფოს პასიური როლი და არსებული პრობლემების მიზანმიმართული უგულებელყოფა, ხელს უშლის სოციალურ ერთიანობასა და ინტეგრაციას, ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირებას და საპასუხო თავდასხმების პროვოცირებას.

ხელისუფლების სათანადო რეაგირების გარეშე, ექსტრემისტული ნარატივებისა და რადიკალიზაციის გავრცელება, აღრმავებს ადგილობრივ თემებს შორის დაპირისპირებას და ქმნის ესკალაციის სერიოზულ საფრთხეებს,“ – ვკითხულობთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში.

„ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობები

ორგანიზაციის დაკვირვებით, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები ცდილობდნენ სენსიტიურ თემებზე მანიპულირებით, გაეზარდათ საკუთარ მხარდამჭერთა რიგები. DRI მიიჩნევს, რომ ამ კუთხით აღსანიშნავია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების საქმიანობა ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით.

„23 მაისს, „ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო მოძრაობის თბილისში გადმონაცვლების შემდეგ, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები პერმანენტულად ესწრებოდნენ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებს, სადაც შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო მოძრაობის და ლგბტ თემის წარმომადგენლებს.

აღნიშნულმა ინციდენტებმა „ნომახვანჰესის“ საწინააღმდეგო მოძრაობისგან მხარდამჭერების ნაწილის დისტანცირებას შეუწყო ხელი, უზრუნველყო დისონანსის შეტანა მხარდამჭერთა რიგებში და სამოქალაქო საზოგადოებაში მოძრაობასთან დაკავშირებით კრიტიკული შეხედულებები გააჩინა,“ – მიიჩნევს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

ორგანიზაციის განცხადებით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობიდან გამომდინარე, რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ამ ჯგუფებზე დაკვირვება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განსაკუთრებული ინტერესის სფეროში რჩება.

DRI-ის ცნობით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გასული წლის მიწურულიდან ასევე აკვირდება ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების აქტიურობის სოციალურ ქსელებში.

 

პოპულალურები