საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ სამხედრო მოსამსახურეების საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა.

უწყების ცნობით, სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებებში. ასევე,  ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ სისტემატიურად  ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი.

“მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს. 

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

“მოყვანილია 5 ჯარისკაცი, ერთს აღმოაჩნდა პნევმონია”- საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

სამინისტრო განმარტავს, რომ ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 346 ადამიანი, სტაციონარში კი 247.

მსგავსი თემები