LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან შეზღუდვები შემსუბუქებულია: ხშირად დასმული კითხვები და ხელისუფლების პასუხები

246
94873603-2541811165920867-2264511392168017920-o

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობა ყოველთვის მზად არის უპასუხოს საზოგადოების კითხვებს. მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე რამდენიმე თვის წინ ახალი თემა გაჩნდა, სადაც საზოგადოების კითხვებს ხელისუფლება პასუხობს, წერილობით. ადმინისტრაციამ მორიგი კითხვა-პასუხი გამოაქვეყნა. თემა – კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაა, რომელიც დღეიდან იწყება.

 

რა ტიპის შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან?

ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია:

1. ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

2. ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;

3. ქუთაისში და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

 

ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?

არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

 

დასაშვებია თუ არა ქუთაისში და ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?

არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.

 

დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?

არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

 

ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?

დიახ.

 

ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.)?

დიახ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საგანგებო რეჟიმის ფარგლებში დაწესებული გამკაცრებული ზომების შემსუბუქება იწყება. მთავრობამ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების გაგრძელების ნებართვა გასცა, ავტოტექმომსახურეობის სამსახურიც დღეიდან დასაშვებია და ასევე ორ დიდ ქალაქში – ბათუმსა და ქუთაისში, რომელიც ჩაკეტილი იყო, დღეიდან შესვლა-გამოსვლა ნებადართულია.