LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტში თეა წულუკიანს მოუსმენენ

85
1529567607_34047800_1634426136605961_3865797048339005440_n

დღეს პარლამენტში მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება. მინისტრი ყურადღებას სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე გააკეთებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობას მინისტრთან მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ექნება კითხვები. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი რეგლამენტის ფარგლებში პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ახალი რეგლამენტის ფარგლებში ჩვენ ვხედავთ, რომ მინისტრები საქართველოს პარლამენტის ძალიან ხშირი სტუმრები არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო ცხოვრება გადავიდა სრულიად ახალ დღის წესრიგზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მინისტრების მიმართ და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საპარლამენტო ზედამხედველობა გაცილებით გაიზარდა და ეს არის მხოლოდ პოზიტიური.

ქალბატონ თეასთან გვექნება უამრავი კითხვა, მათ შორის მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის მინისტრის მიმართ კითხვები ექნება საპარლამენტო ოპოზიციასაც. მათი კითხვები სასამართლო ხელისუფლების რეფორმას და გახმაურებულ სამართლებრივ საქმეებს შეეხებათ. დეპუტატები ასევე დაინტერესდებიან, თუ რა იყო თეა წულუკიანსა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოების მიზეზი.

მიმდინარე კვირას პარლამენტარები კიდევ ორ მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ელოდებიან.

კვირის ბოლოს პარლამენტში, პრემიერი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები