LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი იხსნება

600X300_new-01-1

კინოფორუმი 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრში „საქართველო“ ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის და არაერთი ლეგენდარული ქართული ფილმის სცენარის ავტორის – რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის “ჰარი-ჰარალე დედაო!” ჩვენებით გაიხსნება, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.

ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში სულ 5 სრულმეტრაჟიანი ახალი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:

  1. „აღლუმი“ (რეჟისორი – ნინო ჟვანია)
  2. „ჰორიზონტი“ (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი)
  3. „ურსუსი“ (რეჟისორი – ოთარ შამათავა)
  4. „მეზობლები“ (რეჟისორი – გიგიშა აბაშიძე)
  5. „სანამ მამა დაბრუნდება“ (რეჟისორი – მარი გულბიანი)

სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, ქუთაისი კინოფორუმი დამსწრე საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამასაც შესთავაზებს, რომელიც 17 და 18 ნოემბერს გაიმართება.

კინოჩვენებების პარალელურად დაგეგმილია კინოკრიტიკოსებითვის და კინობლოგერებისთვის განკუთვნილი ვორქშოპი, რომელსაც  ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში“ გაუწევს ორგანიზებას. ვორქშოპს  სერბი კინოკრიტიკოსი, კინოჟურნალისტი და ფესტივალის პროგრამების კოორდინატორი – ვლადან პეტკოვჩი გაუძღვება.

წელს ქართული კინო 110 წლის იუბილეს აღნიშნავს და მისი დაბადება სწორედ ქუთაისს უკავშირდება. ქუთაისელმა რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა ფილმების შექმნა ბაქოში 1908 წელს დაიწყო. სამწუხაროდ ეს ფილმები შემორჩენილი არ არის, თუმცა ცნობილია მათი სახელები და ქრონომეტრაჟი, რის გამოც ქართული კინოს ათვლის წერტილად 1908 წელი ითვლება. მოგვიანებით, 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” გადაიღო, რომელიც ქართული კინოს საეტაპო და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია.

ქუთაისის კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს. ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი სულ ახლახანს გაფორმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები