LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიახ, ჩვენ გმირები ვართ იმ წუთიდან, როდესაც პროფესიად ექიმობა, ანუ სხვა ადამიანების გადარჩენა ავირჩიეთ – ექიმის ემოციური პოსტი

162
ფიქრია-შიომღვდლიშვილი

,,არ ვითხოვთ არც ტიტულს, არც წოდებას, არც ტაშს და არც ფოიერვერკებს, არც მადლობას ან სიბრალულს ვითხოვთ, უბრალოდ თავი შეიკავეთ ზოგადად ექიმის და ამ ვითარებაში განსაკუთრებით სასწრაფოს ექიმების დამცირებისა და დაკნინებისგან!” – ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში თავისი და კოლეგების მძიმე ყოფას ასახავს კორონავირუსის პანდემიის დროს და საზოგადოებას მათი დაფასებისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ფიქრია შიომღვდლიშვილი: „ბოლო მორიგეობებში ყველაზე მეტად პაციენტების მხრიდან გამოხატული სითბო მაძლიერებს…“

გთავაზობთ მის პოსტს:

სასწრაფოს თანამშრომლები საქართველოში პანდემიის დაწყების წუთიდან ვართ განსაკუთრებულ რეჟიმში გადასულები.
თუ რაიმე რესურსი გაგვაჩნია, ფიზიკური თუ ემოციური, ვდებთ ყველა იმ მისამართზე, სადაც მივდივართ, შევითავსეთ იმაზე მეტი ფუნქცია, ვიდრე ჩვენს სამსახურს ევალება, გავხდით ოჯახის ექიმებიც, ფსიქოლოგებიც და ტაქსისტებიც ამასთან ერთად.

ყველა პაციენტის ემოცია ვაქციეთ პირად ემოციად, საკუთარი ოჯახის წევრის სიკეთესავით გვახარებს პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და ასევე საკუთარი ოჯახის წევრის სახლში დატოვებასავით განვიცდით, თუ ეს ვერ ხერხდება.

ამასთან, რატომღაც უკვირს ბევრს და კი, ჩვენც ვინფიცირდებით,რადგან დიახ, ექიმებს სხვებზე ცუდი იმუნიტეტი გვაქვს ამდენი სტრესის,გადაღლის, მოსწრებაზე კვების და უძილობის გამო, იზოლაციაში ვტოვებთ ჩვენს სიცხიან შვილებს, ბებო-პაპებს, მშობლებს, ძმებს,მეუღლეებს და სხვების ოჯახებში დასახმარებლად მივდივართ!

ამ მძიმე ვითარებაში არ დავდივართ არც “შავ პარასკევზე”, არც მეგობრების განსაკუთრებულ დღეებზე, არც გასართობ ცენტრებში!

სასწრაფოს მისამართზე დაგვიანება არაა სასწრაფოს ექიმების ბრალი და თავი შეიკავეთ თითის ჩვენსკენ გამოშვერისგან, ვინც ამას ცდილობს!

კლინიკაში პაციენტის ვერ მოხვედრა არ არის სასწრაფოს ექიმების ბრალი და ასევე თავი შეიკავოს ყველამ ჩვენსკენ თითის გამოშვერისგან!

სასწრაფოში მუშაობენ იმაზე ჭკვიანი, გამოცდილი და მორალური ადამიანები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ნურავინ შეეცდება ჩვენი რგოლის დაკნინებას მითუმეტეს ახლა,როდესაც მხოლოდ ჩვენ შევდივართ ყველა ინფიცირებულის ოჯახში დასახმარებლად.

დიახ, ჩვენ გმირები ვართ იმ წუთიდან, როდესაც პროფესიად ექიმობა, ანუ სხვა ადამიანების გადარჩენა ავირჩიეთ, როდესაც საკუთარი ნებით სიცოცხლის ბოლომდე სწავლა გადავწყვიტეთ და თუ ვინმეს დააინტერესებს, დღეს ექიმის შემოსავალი ბევრად მცირეა საქართველოში, ვიდრე პირობითად “შილაქის” სპეციალისტის, ანუ არც მატერიალური ხიბლი გვაიძულებს არჩეული პროფესიის ერთგულებას.

არ ვითხოვთ არც ტიტულს, არც წოდებას, არც ტაშს და არც ფოიერვერკებს, არც მადლობას ან სიბრალულს ვითხოვთ, უბრალოდ თავი შეიკავეთ ზოგადად ექიმის და ამ ვითარებაში განსაკუთრებით სასწრაფოს ექიმების დამცირებისა და დაკნინებისგან!

პოპულალურები