LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დილის პოზიტივი – თბილისის ახალ ზოოპარკში დათვები კარგ ხასიათზე არიან [ვიდეო]

283
datvebiiii

ფეისბუქგვერდი “დათვების რეაბილიტაცია” ახალ ზოოპარკში მცხოვრები დათვების ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩოფიკა, გარინჩა და კოპალა აშკარად კარგ ხასიათზე არიან და თამაშობენ.

“ვინც გაარკვევს რომელი დათვი რომელია, ის იქნება ყოჩაღი!” – წერენ ვიდეოს აღწერაში.

2017 წლის მაისის თვეში თბილისის ზღვის მიმდებარედ ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 1,2 ჰა ფართობის დათვებისა და მგლების ვოლიერი. ახალგახსნილი ვოლიერი სრულიად აკმაყოფილებს მასში მობინადრე ცხოველების მოთხოვნილებებს – მცირე ტყე, ბუჩქნარი, მინდორი, აუზი, ბორცვები ქმნიან იმ პირობებს, რომლებშიც ეს ცხოველები ბუნებაში ბინადრობენ. ვოლიერის პირობებისა და დათვებისა და მგლების თანარსებობის ერთოლიობა სოციალიზაციისა და ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა.

ახალ ვოლიერში წყალდიდობაგამოვლილი სამი დათვისა და ერთი მიღებული დათვის შესახლების შემდეგ დათვების რეაბილიტაციის ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობა გამოჩნდა. პროგრამა გულისხმობს დათვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, რომელშიც მათ ექნებათ თავიანთი ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა. ზრდასრული დათვების ბუნებაში დაბრუნება ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ტყვეობაში გაზრდილ დათვს საკვებით ადამიანი უზრუნველყოფს, სწორედ ეს არის მთავარი სირთულე – ბუნებაში დაბრუნებული დათვი საკვების ნაკლებობის შემთხვევაში აუცილებლად ადამიანს მიაკითხავს.

ბელების ბუნებაში დაბრუნება შედარებით უფრო ადვილია, თუმცა ამის განხორციელებას დიდი ხნის მუშაობა სჭირდება. თბილისის ზოოპარკმა დაიწყო მურა დათვების რეინტროდუქციის პროგრამის განხორციელება. რეინტროდუქცია – ეს არის ტყვეობაში აღზრდილი ცხოველების დაბრუნება ბუნებრივ საარსებო გარემოში. ბელების მოსამზადებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი – ცხოველებმა უნდა ისწავლონ სხვა ცხოველებთან ურთიერთობა, ადამიანებისგან განრიდება და ადამიანებთან ასოცირებული საგნების შიში. დღესდღეობით თბილისის ზოოპარკში სამი ბელი და მგლის ექვსი ლეკვი საერთო ვოლიერში ბინადრობს. ადაპტაციის პერიოდმა წარმატებით ჩაიარა, რაც იმის მანიშნებელია, რომ დათვები სხვა ცხოველებთან ურთიერთობას სწავლობენ. ზოოპარკის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს ყველაზე რთული ეტაპის განხორციელება – ბელებისათვის ადამიანისგან განრიდების დასწავლა. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ცხოველის მშობლიურ საცხოვრებელ გარემოში დაბრუნება შესაძლებელი ხდება.

დღესდღეობით, თბილისის ზოოპარკში 8 დათვი და 7 ბელი ბინადრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები