LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

132
ჰარცელი (1)

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. კარლ ჰარცელის თქმით,დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ისინი მეცხრე კონკურსს აცხადებენ.

კონკურსის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, წახალისება და შესაბამისი დაფასება. გასულ წელს მერგო პატივი, დამეჯილდოებინა არაჩვეულებრივი ჟურნალისტური ნაშრომები. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ კონკურსის წლევანდელი მონაწილეები შარშანდელ მიღწევებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ“,- აცხადებს ჰარცელი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას.

„ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში“,- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს შვიდ კატეგორიაში გაიცემა: საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში; საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო; კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ: https://www.euprizejournalism.ge/ge/rules

„პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1500 ევროს ოდენობით.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი.

განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხ.: www.euprizejournalism.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, [email protected]

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში: ნინო გეზმავა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), [email protected]“,- აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები