LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიაზე თავდასხმის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს

153
243328493

ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები და განსაკუთრებით ის ჟურნალისტები, რომელთა შეკითხვები ან ტელეკომპანიები მმართველი პარტიის წევრებისთვის მიუღებელია, ხშირად სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები ხდებიან. არასასურველი შეკითხვებისგან თავის ასარიდებლად პოლიტიკოსები ხშირად კორესპოდენტს ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მფარველობაში ადანაშაულებენ. იყო შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტს სამსახურის დატოვებით დაემუქრა.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო” შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების წევრების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამო. გუშინ, 14 ნოემბერს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “ტელეკომპანია პირველის” ტოქშოუს წამყვანი კრიტიკული კითხვების პასუხად “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

გუშინვე, ოპოზიციასთან კავშირში დასდო ბრალი ირაკლი კობახიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის” წამყვანსაც: “მოგიწოდებთ გაემიჯნეთ “ნაციონალურ მოძრაობას” – ასე მიმართა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ბაკურიძეს.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ გალაშქრების ეს პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ ტელევიზიას მიკერძოებულობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილმაც დასდო. პირდაპირ ეთერში წამყვანის მიმართ აგრესიული განცხადება გააკეთა ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.
ქარტიის საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დამოუკიდებელი მედიიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისგან.

ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მედიასაშუალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლების სურვილია შეცვალოს, დააშინოს, თუნდაც დააფიქროს ჟურნალისტები დაუბრკოლებლად გაავრცელონ თუ არა კრიტიკული ფაქტები და დასვან მწვავე კითხვები ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მიმართ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად, გააძლიერონ მათი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათი დისკრიმინაციის მცდელობის ფაქტებზე, ყველა მსგავს შემთხვევას მისცენ სათანადო შეფასება და რეაგირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები