LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დოკუმენტი საქართველოს მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს“ – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა

140
Untitled design (6)

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი საქართველოს მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით.

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. კანონპროექტი მკაფიოდ ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ნატოსა და ევროპელი პარტნიორებისადმი რეგიონში არსებული საფრთხეებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე და ხაზს უსვამს ძლიერი ალიანსებისა და პარტნიორობების მნიშვნელობას აშშ-ისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის.

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის ფარგლებში დაამტკიცა კონგრესმენ ოსტინ სკოტის მიერ ინიცირებული და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ სმიტის მიერ წარდგენილი შესწორება, რომელიც მოიცავს აშშ-ის კონგრესის ხედვას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, კერძოდ:

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და ნატო-ს ასპირანტი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად მიისწრაფვის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების განმტკიცებისკენ. ხაზგასმულია, რომ პარტნიორობის 30 წლის მანძილზე აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფის პროცესში. აქვე აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის ფონზე. ხაზგასმულია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისა და სტრატეგიული ინტერესებისთვის შავი ზღვის რეგიონში”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებას სრულად გაეცნობით ამ ბმულზე: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა