LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროა, ბაღებში ბავშვების უსაფრთხოებისთვის სპეციალური სტანდარტი გაიწეროს – ანა არგანაშვილი

145

არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი, სოციალურ ქსელში 206-ე ბაღში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. უფლებადამცველი მიიჩნევს,  თუ ბაღის პედაგოგმა ან ადმინისტრაციამ დაინახა, რომ ბავშვს თვითდაზიანების მცდელობა ადრეც ჰქონდა, ეს ფაქტი უნდა შეესწავლა. მისი მოსაზრებით, დროა, ბაღებში სპეციალური სტანდარტი გაიწეროს.

ანა არგანაშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ ასეთ შემთხვევაში ბაღმა შესაბამისი სერვისი უნდა უზრუნველყოს. კერძოდ, დამხმარე მასწავლებლის, ინდივიდუალური პროგრამისა და ფსიქოლოგის სერვისი.

“ბაღის ინციდენტზე ჩემი მოსაზრება:

1. ყველა ბავშვს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, აქვს უფლება, მიიღოს სკოლამდელი აღზრდა და განათლება. ეს უფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

2. ბაღი ვერ ეტყვის ბავშვს უარს მიღებაზე იმიტომ, რომ სპეციალური საჭიროებები აქვს;

3. ბაღი და მთლიანად სახელმწიფო ვალდებულია, როდესაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს იღებენ ბაღში, უზრუნველყონ მისთვის შესაბამისი სერვისიც: დამხმარე მასწავლებელი, ინდივიდუალური პროგრამა, ფსიქოლოგის სერვისი ა.შ. ასევე, შეაფასონ საფრთხეები გარემოში, გამოწვევიდან გამომდინარე.

4. ბაღის პედაგოგმა ან ადმინისტრაციამ თუ დაინახა, რომ ბავშვს ჰქონდა თვითდაზიანების მცდელობა (გადმოხტომის მცდელობა) აუცილებლად უნდა შეესწავლა ეს ფაქტი, გამოეყო შესაბამისი რესურსი, ემუშავა შემთხვევაზე. ბავშვის სხვა ბაღში გადაყვანის მოთხოვნა გამოსავალი არ არის.

5. თუ თავად არ ჰქონდა შესაბამისი მომსახურება და რესურსი, მიემართა სახელმწიფო უწყებებისთვის: სოციალური სამსახური, ფსიქოლგიური დახმარების ცენტრები, თუნდაც ენჯეოებისთვის – დახმარებისთვის.

6. და. თუ მაინც მოხდა ის, რაც მოხდა, მაშინ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ, ვის ჰქონდა პასუხისმგებლობა ამის პრევენციისთვის და არ იმოქმედა. იყო თუ არა მათთვის ცნობილი რისკი, რა გააკეთეს ამ რისკის თავიდან ასაცილებლად.

7. სისტემურად კი დროა, ბაღებში გაიწეროს სპეციალური სტანდარტი ბავშვების უსაფრთხოებისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მომსახურების გაწევისთვის, შესაბამის დამხმარე (მაგ. ფსიქოლოგიური დახმარების) სერვისებში გადამისამართებისთვის და.ა.შ.და შეიქმნას ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი, მონიტორინგის დამოუკიდებელი უწყება, სტანდარტების დარღვევაზე სანქცია ა.შ.” – წერს ანა არგანაშვილი.

206-ე ბაღის ფანჯრიდან აღსაზრდელი დღეს დილას გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.