LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან ცოტა ვიცოდით იმ დაავადებაზე, რომელთან ბრძოლაც გვიწევდა” – კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი გმირების მონათხრობი

430
Untitled design

გასული თვეები ყველაზე მძიმე ინტენსიური განყოფილების ექიმებისათვის იყო, რომლებიც გადაღლილობისაგან კომენტარის გაკეთებასაც ვერ ახერხებდნენ. თუმცა ფრაზა, რომელსაც დროდადრო გაიგონებდით შემდეგნაირად ჟღერდა ,,ასეთი რამ აქამდე არასოდეს გვინახავს”. ,,ბიბისი” კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექმების მოსაზრებებს აჯამებს.

ბრიტანელმა ექიმებმა იცოდნენ, რომ მათ ახალი დაავადება უახლოვდებოდათ და ცდილობდნენ მოემარაგებინათ ყველა რესურსი უცნობ რესპირატორულ ვირუსთან საბრძოლველად, რომელმაც ჩინეთში გასული წლის ბოლოს იფეთქა. შემთხვევების სწრაფად მატებასთან ერთად, ისინი ეცნობოდნენ ჩინელი და იტალიელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაავადებაზე, რომელიც უფრო ადრე სწორედ ჩინეთსდა იტალიას დაატყდა თავს.

,,ჩვენ მოსამზადებლად მხოლოდ სამი კვირა გვქონდა და ძალიან ცოტა ვიცოდით იმ დაავადებაზე, რომელთან ბრძოლაც მოგვიწევდა”, – ამბობს ბარბარა მაილსი, გლაზგოს სამეფო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილების დირექტორი.

თუმცა ახალ კორონავირუსთან სამთვიანი ბრძოლის შემდეგ, ბრიტანელ ექიმებს საკმაო ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდათ. ისინი იმ თავისებურებებზე საუბრობენ, რაც ახალი ვირუსით გამოწვეულ დავაადებას, Covid-19-ს ახასიათებს.

უარესი, ვიდრე ვირუსული პნევმონია

ბრიტანელი კლინიცისტების უმეტესობა ელოდა, რომ ახალი კორონავირუსი იქნებოდა რესპირატორული ინფექცია, რომელიც პნევმონიით რთულდება. ისინი ფიქრობდნენ, რომ ,,ახალი დაავადება სეზონური გრიპის უფრო რთული ფორმის მსგავსი რამ იყო”, თუმცა დარწმუნდნენ, რომ საქმე ბევრად ვერაგ და კომპლექსურ მტერთან ჰქონდათ, რომელიც ორგანიზმს არაერთი მხრიდან უტევს. მალევე გახდა ცნობილი, რომ Covid-19 პნევმონიიის უფრო მძიმე ფორმას იწვევს, ანთების მასშტაბები გაცილებით დიდია, აღინიშნება სუნთქვის უკმარისობა და სისხლის შედედების პროცესის გაძლიერება, რაც თავისმხრივ სისხლში კოლტების წარმოქმნას იწვევს. შესაბამისად ახალ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ინსულტი და თრომბოემბოლია.

ჟანგბადი

ვირუსის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, ბრიტანეთის საავადმყოფოებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი აკითხავდა სუნთქვის გაძნელების და ჟანგბადის უკმარისობის სიმპტომებით. განსაკუთრებით მძიმე პაციენტებში შეინიშნებოდა არა მხოლოდ ფილტვების, არამედ სხვა ორგანოების პრობლემებიც, მათ სისხლში მიმდინარე პროცესები კი ჯერჯერობით სრულად ახსნილი არ არის.

,,ჩვენ არ ვიცით, როგორ ახერხებდა ზოგი პაციენტი თუნდაც გონზე ყოფნას მაშინ, როდესაც მათ სისხლში ჟანგბადის დონე საოცრად დაბალი იყო“- აცხადებს პროფესორი ჰიუგო მონტგომერი.

მაშინ, როდესაც ადამიანს ჟანგბადის ნაკლებობა აქვს, მედიკოსების მიზანია ჟანგბადის სატურაცია 90% მაინც გახდეს. კოვიდპაციენტებში კი ეს მაჩვენებელი ხშირად 70-80% გახლდათ, ზოგჯერ კი კიდევ, უფრო დაბალი. როგორც წესი, ჟანგბადის ასეთი დაბალი დონე ორგანიზმში სერიოზულ განგაშის სიგნალებს რთავს, სწორედ ამიტომ ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის, თუ როგორ ახერხებდა ზოგი კოვიდპაციენტი თავი ნორმალურად ეგრძნო ჟანგბადის ძალიან დაბალი მაჩვენებლების ფონზე საკუთარ სისხლში. პროფესორი ენტონი გორდონი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ანთება იყოს, რომელიც სისხლძარღვებზე მოქმედებს.

ბრიტანელი ექიმები ვარაუდობენ,რომ დაავადებას რამოდენიმე სტადია აქვს და ყველა სტადიაზე კრიტიკულ პაციენტებთან ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება შესაძლოა საჭირო არ იყოს. ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ როგორც წესი, სხვა გართულებების დროს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ერთი კვირით ყოფნა პაციენტისათვის საკმარისია, Covid-19-ის დროს კი უფრო დიდი ხნითაა საჭირო მისი გამოყენება.

სისხლის შედედება

ფილტვების უპრეცენდენტოდ გართულებული ანთება ამ დაავადებასთან ბრძოლას ძალიან რთულს ხდის. ახალი ვირუსი სისხლში კოლტების წარმოქმენას და თრომბოემბოლიური პროცესების წარმოშობას იწვევს. ბრიტანელი ექიმების მიერ წარმოებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, პაციენტების 25%-ზე მეტში სისხლის გასქელებამ არა მხოლოდ წვრილ, არამედ მსხვილ სისხლძარღვებშიც გამოიწვია კოლტების წარმოქმნა და ამით საგრძნობლად გაართულა საერთო მდგომარეობის გამოსწორება. უკეთეს შემთხვევაში, სისხლის კოლტის სისხლძარღვში დაცობას სისხლის ნორმალური ცირკულირების შეფერხება და ტვინის ან გულისათვის სისხლის მიწოდების დარღვევა შეუძლია, უარეს შემთხვევაში კი ყველაფერი შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.
ექიმებმა კოვიდპაციენტების სისხლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცილები: ფიბრინოგენი ( კოლტების წარმომქმნელი მთავარი პროტეინი) და D-დიმერი აღმოაჩინეს.

იმუნური სისტემა და სხვა ორგანოები

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დროს ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზმში გადამეტებული იმუნური რეაქცია, ციტოკინური შტორმი ვითარდება. ციტოკინები ორგანიზმის მიერ წარმოებული ცილის მცირე მოლეკულებია, რომლებიც ინფექციის წინააღმდეგ თავდასაცავ საშუალებას წარმოადგენს. ინფექციასთან ბრძოლის დროს მათი გარკვეული დოზით მატება კარგია, რადგან ამის წყალობით ორგანიზმს ინფექციის დამარცხება შეუძლია. თუმცა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში საქმე არც ისე მარტივადაა. ინფექციასთან ბრძოლისას ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხი გადაჭარბებულია, გამომუშავდება საჭიროზე გაცილებით მეტი ციტოკინი, რაც ასევე არაერთ გართულებას და ზოგ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგს იწვევს. პაციენტების ნაწილში საგრძნობლად არის დაცემული სისხლში მნიშვნელოვანი იმუნური უჯრედების, T უჯრედების დონეც.

ახალი კორონავირუსი პრობლემებს არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ სხვა ორგანოებსაც უქმნის, მაგალითად გულს,თირკმელებს და ტვინს. განსაკუთრებით ხშირია თირკმლის უკმარისობის განვითარება. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ენცეფალიტი, რაც ასევე არაერთ პრობლემას იწვევს.

რისკ-ფაქტორები

ქვეყანაში წარმოებული სტატისტიკის თანახმად, კრიტიკული პაციენტების 70% ინგლისში მამაკაცები იყვნენ. უმეტეს შემთხვევაში მათ ზედმეტი წონა, დიაბეტი, ჰიპერტენზია ან გულის დაავადებები აწუხებდათ. გარდაცვლილების ორ მესამედზე მეტი 60 წელზე უფროსი იყო.

რატომ ზოგი ადამიანი და არა სხვები?

მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან, თუ რატომ მიმდინარეობს ვირუსი ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უსიმპტომოდ, ზოგან საშუალო სიმპტომებით და ზოგან კრიტიკულად მძიმედ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკ-ჯგუფები, რომლებშიც გართულებების წარმოშობის დიდი შანსია, ეს ყოველთვის ასე არ ხდება.

,,გვყოლია 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტი საშუალო სიმპტომებით და 30 წლამდე პაციენტი, რომელსაც ერთდროულად რამოდენიმე ორგანომ უმტყუნა. ამ შემთხვევაში რისკ-ჯგუფბად დაყოფა არაფერს გვაძლევს. ჩვენ ჯერჯერობით არ გვესმის, ასე რატომ ხდება” – ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

ამ ეტაპზე ყოველ ახალ პასუხს ახალ კითხვასთან მივყავართ და მედიკოსები მთელ მსოფლიოში აღიარებენ, რომ ვირუსზე და მის მიერ გამოწვეულ გართულებებზე ჯერ ბევრი რამ არ ვიცით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები