LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან დამწყდა გული, ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის” – ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება

109
87399668-201159787917058-8492326216043331584-o

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როდესაც თავმჯდომარე ქვეყანამ, მინისტერიალი სტრასბურგში ჩაატარა.

“ჩვენ ვალდებულება გვაქვს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ჩავატაროთ მინისტერიალი, ჩავატაროთ ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა და მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა რასთან არის დაკავშირებული – მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. გვევალებოდა, რომ უზრუნველგვეყო ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ამიტომ ვიყავით კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ამის შესაძლებლობა გამოინახა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც ჟენევაში, როდესაც გენერალურ მდივანს შევხვდი, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის აბსოლუტურად სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი პრეცედენტიც არსებობს, როდესაც ქვეყნებმა, რომლებიც იყვნენ თავმჯდომარეები, მინისტერიალი ჩაატარეს სტრასბურგში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებიღ მიიღეს და შესაძლო დესტაბილიზაცია აირიდეს თავიდან.

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ თანხვედრაში ამ ორგანიზაციის წესდებასთან შესაბამისობაში, ჩვენი კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან არ უნდა მიეცეს არც ერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ესკალაცია, ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, ყოველდღიური გამოწვევები, ამიტომ მსგავსი სახის მოვლენების განვითარება იყო ყოვლად მიუღებელი და ჩვენ ვიმოქმედეთ სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე, როგორც თავმჯდომარეს ძალიან დამწყდა გული, რადგან ეს მართლაც იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრისთვის გვემასპინძლა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყევტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვის რეაქცია ჯერჯერობით უცნობია.

 

შეგახსენებთ, 14-15 მაისს ევროსაბჭოს მინისტერიალისთვის საქართველოს, როგორც საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, თბილისში უნდა ემასპინძლა, თუმცა რუსეთის დელეგაციის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას, მათ შორის სერგეი ლავროვის, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული, საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა და მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებაზე დაიწყო მსჯელობა.