“მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი” – ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც, მისი აზრით კარგი და დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება.

დამოუკიდებლობის მაგალითად, მას წინა ხელისუფლების პერიოდი მოჰყავს.

“მე ვიყავი ის მინისტრი, რომელიც პირდაპირ მოყვანილი ვიყავი სააკაშვილის მიერ. ძალიან მალე მიხვდა სააკაშვილი, რომ მასზე დამოკიდებული ვერ ვიქნებოდი, არ ვიქნებოდი…. ალბათ, ეს იყო საფუძველი იმ დაპირისპირების, რომელიც მერე გაღრმავდა და დამთავრდა, როგორც ყველამ ვიცით. მაშინ ყველა იყო დამოკიდებული სააკაშვილზე და ძალიან რთული იყო განსხვავებული აზრი დაგეფიქსირებინა,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი პარალელებს მის ახალგაზრდობასთანაც ავლებს. მისი განცხადებით, ის დამოუკიდებელია 16 წლიდან და მისი თქმით, ამ ასაკში, 66 წლისას ვერავინ შეძლებს, რომ მას პრინციპები შეაცვლევინოს: “თუ წითელ ხაზებს რამე შეეხება, იქ ვიქნები მე – სალომე ზურაბიშვილი,” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა

ამის მიუხედავად ის ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამშრომლობა მოქმედ მთავრობასთან აუცილებელია, რადგან საჭიროა ახალი ინიციატივების წამოჭრა და ამ მხრივ აუცილებელია რაღაც დონემდე თანამშრომლობა.

“ამას ვერ შეძლებს ჩემი კონკურენტი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრინციპები არ არსებობს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “იმედის” ეთერში.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, ისაუბრა ნეგატიური ტიპის კამპანიაზეც და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ტიპიური საბჭოთა მეთოდით მიმდინარეობდა.

ტეგები: სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნები 2018
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები