LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრები: ვახტანგ გომელაური

132
გომელაური

“ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრები. ასევე, მძიმე იყო ჩემთვის, პირდაპირ გეტყვით, თუნდაც იმ კადრების გაშვება, რაც ბრიფინგებზე მოგვიწია და იძულებულნი გავხდით”,-ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “რუსთავი2″-ის ეთერში ისაუბრა.

მან ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება. მისი თქმით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა.

“ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრები. ასევე, მძიმე იყო ჩემთვის, პირდაპირ გეტყვით, თუნდაც იმ კადრების გაშვება, რაც ბრიფინგებზე მოგვიწია და იძულებულნი გავხდით, მერწმუნეთ, არანაირი სურვილი არ გვქონდა არც მე, და არც ჩვენ თანამშრომლებს – მოადგილეებს და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და ენახათ მის ოჯახის წევრებს, მის დედას და მის შვილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოგვიწია. იქიდან გამომდინარე მოგვიწია, რომ საზოგადოება ითხოვდა ინფორმაციის გაჟღერებას, თუ რა მოხდა, რა მოუვიდა ამ ადამიანს, ბევრი მოქალაქე გვთხოვდა პასუხს, ძალიან აიწია ტემპერატურამ და იძულებულნი გავხდით. რაც გვქონდა ჩვენ სწრაფად, რაც ვიმუშავეთ, მთელი გუნდი ჩართული იყო და იძულებულები გავხდით, ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხალხისთვის.

პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო ამ ეთერით და კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე. ძალიან მძიმე ფაქტი იყო, ძალიან ცუდია, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს. რაც შეეხება კითხვებს – ჩვენც ზუსტად მანდ ვართ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა. ჩვენც  იმავეს მოვითხოვთ და იმავეს ვაკეთებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზუსტად, გამოძიებიდან გამომდინარე, რომ არავინ დარჩეს დაუსჯელი, ვინც იძალადა ჟურნალისტებზე. ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ჩვენც და ჩვენი გუნდიც, ამ მიმართულებით მივდივართ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, განცხადებით, ლექსო ლაშქარავას ოჯახს​ შესთავაზეს, რომ მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პროცესი დასრულდება, კიდევ ერთხელ ჩაატარონ ექსპერტიზა, უფრო მაღალკვალიფიციურ, უცხოელ ექსპერტებთან, თუკი ამას მოისურვებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა გადაჭრით თქმა, რომ სწორედ ეს ნივთიერება გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შს მინისტრი პასუხობს, რომ საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ.

“მე, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ არ ვაყენებ ქართველ სპეციალისტებს, მაგრამ ეს იმისთვის ხდება, რომ ოჯახი დარწმუნდეს იმაში, რომ ეს მართლაც ასეა. შევთავაზეთ, რომ ჩავატაროთ უცხოეთში, თავად მოიძიონ, აირჩიონ რომელი ქვეყანა უნდათ, ჩვენ დაველაპარაკებით და ჩავატაროთ კიდევ ერთხელ იმის დასადგენად, თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი,”-განაცხადა შს მინისტრმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები