LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძეგლთა დაცვის სააგენტომ კომპეტენტური პასუხი უნდა გაგვცეს და არა ემოციური-ისტერიული: თეა წულუკიანი გელათის მონასტერის შესახებ

73
გელათის მონასტერი

“გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს”, – ამის შესახებ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ  მისი შთაბეჭდილებით, 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს.  

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული კითხვები ძეგლთა დაცვის სააგენტოს ეკუთვნის და სააგენტოს ყველა არსებულ კითხვაზე ადეკვატური და კომპეტენტური პასუხის გაცემა მოუწევს. წულუკიანის თქმით, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში მმართველი გუნდი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბევრ მწვავე კითხვას მუდმივად უსვამს.

“ზოგ კითხვაზე არის კომპეტენტური და ადეკვატური პასუხი, ზოგ კითხვაზე ჯერ კიდევ არის არაადეკვატური რეაქციები, ამას გამოსწორება სჭირდება და თან სასწრაფოდ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გარკვეული ტიპის ექსპერიმენტი მიმდინარეობს სწორედ გელათზე, რადგან მრავალი საუკუნეა, მოჭიქული კრამიტით გადახურვის ტრადიცია საქართველოს აღარ ჰქონია. მავანმა მოისურვა ამ ტრადიციის აღდგენა და აღდგენის შედეგად, ერთ-ერთი პირველი გამოცდის გელათზე ჩატარება. მგონია, რომ ეს არის დაუშვებელი და გელათზე ყველა ტიპის ნოვაციების გამოცდა უნდა შეწყდეს”. – აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანი გელათის ფრესკების დაზიანების საკითსაც შეეხო და თქვა, რომ ფრესკები საკმაოდ მძიმედაა დაზიანებული და ამაზე სააგენტომ კომპეტენტური პასუხი უნდა გაგვცეს.

“სააგენტომ კომპეტენტური პასუხი უნდა გაგვცეს და არა ემოციური და ისტერიული. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სააგენტოში ყველა პასუხისმგებელი პირი, ასევე სააგენტოს მიერ დაქირავებული ადამიანები მზად იყვნენ, რომ საზოგადოებას მშვიდად გასცენ პასუხი იმაზე, თუ რა დაშავდა და რატომ დაშავდა. მთავარი მაინც არის, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ლამის 13-წლიანი, მრავალშრიანი და კომპლექსური პრობლემები. ეს ვერც ერთ და ვერც ორ თვეში ვერ გამოსწორდება, მაგრამ საკმაოდ სწარაფად უნდა გამოსწორდეს იმიტომ, რომ გელათის გარეშე, არც ძლიერი საქართველო არსებობს“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.