LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძილის მუდმივი ნაკლებობა მეხსიერების გაუარესების რისკს ზრდის – ახალი კვლევა

123
607efb2c24922.preview

ახალი კვლევების თანახმად, რომლებიც ბრიტანეთში ჩატარდა ირკვევა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლები სძინავთ, 30%-ით ეზრდებათ ასაკის მატებასთან ერთად დემენციის განვითარების რისკი.

დემენცია მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებაა, რაც ადამიანის ქცევაზეც მოქმედებს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემებით, მსოფლიოში დემენციის დიაგნოზის მქონე 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. წელიწადში საშუალოდ 10 მილიონ ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს 7959 ადამიანის მონაცემები, რომელთა შეგროვებაც ჯერ კიდევ 1985 წლიდან მიმდინარეობდა. მონაწილეთა ასაკი 50-70 წელს შეადგენს. კვლევაში მონაწილე ადამიანები 36 წლის განმავლობაში აწვდიდნენ მკვლევრებს ინფორმაციას ძილის რეჟიმის, ჰიგიენის და ხანგრძლივობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ღამეში 6 საათზე ნაკლები სძინავთ, 30%-ით მაღალი შანსი აქვთ სამომავლოდ დემენციის განვითარების მათთან შედარებით, ვისაც რეგულარულად მინიმუმ 8 საათი სძინავს.

აღსანიშნავია, რომ ძილის რეჟიმის დარღვევა დემენციის ერთ-ერთი სიმპტომია, თუმცა როგორც ირკვევა, იგი დაავადების გამომწვევი მიზეზიც შეიძლება იყოს. ცნობილია, რომ ძილის დროს ადამიანის თავის ტვინი და სხეულის სხვა ნაწილები ტოქსინებისაგან იწმინდება, ეს კი ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისაგან იცავს, მათ შორის გულის დაავადებებისა და კიბოსგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის „წმენდა“ ცილოვანი ნარჩენებისაგან. ძილის ნაკლებობა ამ პროცესის დარღვევას იწვევს, ეს კი შესაძლოა დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყოს.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, დემენციის განვითარება სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 20 წლით ადრე იწყება, ამიტომ შუა ხნის ასაკში ჯანსაღი ცხოვრების წესი და საკმარისი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები