LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმრიანი წინდები VS ინჰალატორი და თანამედროვე მედიცინა

თუ სიცხე 38 გრადუს ტემპერატურას ასცდება, სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო – ეს პედიატრების რჩევაა, სხვა შემთხვევაში კი, მედიკოსების ნაწილისა და ახლობლების თქმით, ბავშვმა იმუნიტეტი თავად უნდა გამოიმუშაოს და თავად ებრძოლოს ვირუსს.

თავდაპირველად, ბრძოლა სხეულის თბილი წყლით ხელოვნურ გაგრილებასა და ფეხების დათბუნებაში გამოიხატება. დროთა განმავლობაში მაღალ ტემპერატურასთან „ბრძოლის“ მეთოდები დაიხვეწა და სახე იცვალა.

ძმრიანი ნასკები, ტანის, შუბლის, ყელისა და ხელის გულების ძმრიანი ნაჭრით დამუშავება, კომბოსტო შუბლზე და თუ ტემპერატურას ხველებაც ახლავს, თხის ქონიანი ტილო გულმკერდზე – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ხალხური და „უებარი“ მეთოდების, რომლითაც ბებია-ბაბუებისა და ჩვენი მშობლების თაობა მაღალ ტემპერატურასა და ვირუსს ებრძოდა.  

მეთოდები განვითარდა, ინჰალატორმა თხის ქონის კომპრესები ჩაანაცვლა, ყველა სხვა საშუალება კი მედიკამენტმა შეცვალა. თუმცა, ვირუსის დროს სახლის პირობებში პირველადი დახმარების აღმოჩენა, უმეტეს შემთხვევაში, ხალხური საშუალებებით მაინც ხდება.

რომელია მართებული – ის, რაც „ისტორიამ“ შემოგვინახა, თუ ის, რაც აწმყოში აღმოაჩინეს?!

პედიატრების თქმით, ბავშვთა ასაკში სიცხის დამწევი მედიკამენტებიდან მხოლოდ ორი ჯგუფი აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) და იბუპროფენი (ნუროფენი) გამოიყენება. ასპირინი კი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება, არ არის რეკომენდებული. ის ამოღებულია ხმარებიდან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც.

 

ძმრიანი წინდები და თხის ქონის კომპრესები

თუ მედიკამენტები უშედეგოა, ტემპერატურა არ ჩამოდის დაბლა, ასეთ შემთხვევაში პედიატრების ნაწილი, მედიკამენტებთან ერთად, ფიზიკური გაგრილების მეთოდს უწევს რეკომენდაციას. ეს არის დაზელვა თბილი წყლით. ძმრიანი წინდების და თხის ქონის კომპრესების გამოყენება კი პედიატრ თემურ მიქელაძისთვის მიუღებელია. 

„მე არ ვურჩევ არატრადიციულ მეთოდებს. თხის ქონის შეზელვით შეიძლება, ადგილობრივად კონტაქტური დერმატიტი გამოვიწვიოთ. ძმრიანი წინდების ჩაცმის შედეგად კი ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწიოს და განვითარდეს გულყრა. პირიქით, როცა არის  მაღალი ტემპერატურა და ხელ-ფეხი არის გაყინული, კატეგორიულად არ შეიძლება. როცა ფიზიკურ  მეთოდებს ვიყენებთ, ეს შეიძლება ექიმთან  შეთანხმებით და მხოლოდ დაზელვა თბილი წყლით. არა სპირტით და არა ძმრით!“ – განუცხადა „ფორტუნას“ თემურ მიქელაძემ.

 

ინჰალაცია და ჰორმონები

მიქელაძის თქმით, ინჰალაციის გაკეთება ბავშვისთვის ყველა შემთხვევაში და მით უმეტეს ჰორმონით, არ შეიძლება.

„ჰორმონი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ორი ჩვენების დროს – თუ აქვს ამოსუნთქვის გაძნელება და კრუპის სინდრომი ე.წ. ვირუსული კრუპი. ინჰალაციას კი აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენება – თუ მოსმენით არის ამოსუნთქვის გაძნელება და ბრონქოსპაზმი. სხვა შემთხვევაში, ხველა თავისით რჩება 7 დღეში. არ უნდა გამოვიყენოთ ხველის გამათხიერებელი საშუალებები იმიტომ რომ, პირიქით, შეიძლება, ნახველის რაოდენობა გავზარდოთ და  გამოვიწვიოთ სპაზმი. მათ შორის, არც მხოლოდ ფიზიოლოგიურით. არსებობს 0.9% -იანი და 3%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარი.  3%-იანს ვიყენებთ მაშინ, როცა გვინდა ჭარბი ნახველის დროული ევაკუაცია. ესეც ექიმთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინჰალატორის გამოყენებას აქვს თავისი  ჩვენება –  ამოსუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი, დანარჩენ შემთხვევაში აზრი რა აქვს? არაფერი. სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერი არის გაუკუღმართებულად გადმოღებული. ძირითადი მიზეზი ბავშვებში ბრონქოსპაზმის არის ცხვირიდან ჩანადენი. ამის დროს რომ გამოიყენო ინჰალაცია კატეგორიულად დაუშვებელია,“ – ამბობს მიქელაძე.

 

გადასხმა სიცხის დროს

თანამედროვე მიდგომით, თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა და არ იღებს შესაბამისი ოდენობით წყალს, ასეთ დროს აუცილებელია გადასხმა, რასაც პედიატრების ერთი ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება

მიქელაძის თქმით, გადასხმები ისევე, როგორც ინჰალაციები, აბსოლუტურად ტყუილად, არასწორ სიტუაციაში, ინიშნება.

„ბავშვი სითხეს კარგავს ღებინებით, ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით, ცხელების გამო. მხოლოდ ცხელების გამო სითხის კარგვა იშვიათია, ვიდრე ღებინებით და დიარეით. „ფაგიო“ ან „პიობაქტერიოფაგი“ არაა რეკომენდირებული. არ არსებობს ამის რეკომენდაცია თანამედროვე მედიცინაში. ნებისმიერი სითხით უნდა დავტვირთოთ ასეთ დროს პაციენტი. ხშირად მე ვეუბნები რომ მარილიანი საკვები ან ჩხირები მისცენ ბავშვებს,“ – აღნიშნა პედიატრმა.

 

 

                                                                                                                                                        ქეთი გიგოლაშვილი