LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველ თბილისში მშენებლობებზე შეზღუდვები დაწესდება

182
35919_1

უახლოეს მომავალში თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამშენებლო მიმართულებით, ძველი თბილისის ნაწილში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

„თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები შემოგვაქვს. ძველი თბილისის არეალი, ქალაქის ისტორიული ნაწილი ის ტერიტორიაა, რომელსაც გაფრთხილება აუცილებლად სჭირდება. უნდა მოწესრიგდეს სიმაღლეებთან დაკავშირებული პრობლემები, მორფოლოგია, იერსახე – ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ის მიმართულებებია, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი კომუნიკაცია გვქონდა. იმისთვის, რომ ძველი თბილისი გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ის, რითაც ვამაყობთ, აუცილებელია, ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქში, რომელსაც ისტორიული ნაწილი აქვს, ყველგან მსგავსი დამოკიდებულებაა. უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, რომელზეც ექსპერტებს, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მოვიწვევთ. პროექტის განხორციელებაზე ექსპერტთა სხვადასხვა ჯგუფი მუშაობდა, რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტი წინა პერიოდებში (2006-2007) განხორციელებული დაფარვითი ინვენტარიზაციისა და ისტორიულ კულტურული საყრდენი გეგმის საფუძველზე დამუშავდა. რეგლამენტი ისტორიულ ქალაქში ჩარევების ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს განსაზღვრავს, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ რეგულაციებს ჩაანაცვლებს.

მერიის ცნობით, დოკუმენტის მომზადების პროცესში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დარგის ექსპერტებთან არაერთი სამუშაო შეხვედრა და განხილვა გაიმართა, მათ შორის, ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან. პროექტის მომზადებაში ასევე, ჩართული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საბჭო და თბილისის განვითარების ფონდი.  აღნიშნულ პროცესში სამუშაო ჯგუფს უდიდესი დახმარება გაუწია საფრანგეთის ისტორიული ქალაქების ასოციაციამ და  საფრანგეთის საელჩომ. 2018 წლის ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტისას, საფრანგეთის ისტორიული ქალაქების გამოცდილების ჭრილში რეგლამენტის პროექტი განიხილეს. ფრანგმა ექსპერტებმა კონკრეტული რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, რომლის საფუძველზეც, მერია ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, როგორც რეგულაციების, ასევე, მართვის სტრუქტურის დახვეწისა და საკონსერვაციო გეგმების მომზადება-განხორციელების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები