LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს (ვიდეო)

226
slide1_5c9a462926e47

სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად,  2019 წლის 19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები