დავით ქაცარავას აზრით, ოკუპანტები ე.წ. საზღვის გადმოწევას აპირებენ, თუმცა ახლა სოფელში ე.წ. მოჩვენებითი სიმშვიდეა

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი დავით ქაცარავა ატოცში, ე.წ. საზღვართან იმყოფება და საზოგადოებას უახლეს ინფორმაციას აწვდის. როგორც ის ამბობს, ოკუპანტები გუშინ მავთულხლართების გავლების გაგრძელებას აპირებდნენ, თუმცა დღეს ისინი ე.წ. სათვალთვალო კოშკურაში აღარ გამოჩენილან.

“გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველად ამ პერიოდის განმავლობაში, დღეს კოშკურაში ოკუპანტები არ გამოჩენილან. ე.წ. სიმშვიდის სტატუსი გვაქვს, თუმცა რთულია ამ ყველაფერს სიმშვიდე ვუწოდოთ. გუშინდელი მიმართვის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც შევატყობინეთ მათი აქტიურობის შესახებ და მათი მანქანები უკვე აქ იმყოფებიან,” – განაცხადა დავით ქაცარავამ.

მანვე აღნიშნა, რომ “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” და “ძალა ერთობაშიას” წევრების უდიდესი ნაწილი, ატოცში არიან მობილიზებული.

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გუშინ, სოფელ ატოცთან მყოფ ე.წ. მესაზღვრეებს რუსულ ენაზე მიმართა: თუ თქვენ ოსები ხართ, ეს ჩვენი მიწაა და რუსები გიყენებენ. თუ რუსები ხართ, მაშინ ოკუპანტები ხართ და თავადაც იცით, რომ ჩემს მიწაზე ხართ, ქართულ მიწაზე. ჩვენ აქ ახლა 6-7 კაცი ვართ. უფრო მეტი ვიქნებით და კამერების, მსოფლიოს თვალწინ ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ. მოგიწევთ იმ ადამიანების მოკვლა, რომლებიც საკუთარ მიწას თქვენგან დაიცავენ. ეს დაიხსომეთ და თქვენიანებს გადაეცით. აქედან არ წავალთ. თუ დააპირებთ, რომ ერთი ბოძი მაინც დადგათ, მოგიწევთ, გვესროლოთ. ამისთვის მზად ვართ. იარაღის გარეშე იმიტომ კი არ ვართ, რომ მისი გამოყენება არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ მართლები ვართ. ეს ჩვენი მიწაა და უიარაღო 100-ჯერ უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ის, ვინც ჩემს მიწაზე იარაღით მოვა.

ამ მიმართვამდე, ის წერდა, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფელში, სადაც მოძრაობა იმყოფება, ოკუპანტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ქაცარავას თქმით, შეიარაღებული პირები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მათ აკვირდებოდნენ.

დავით ქაცარავას აზრით, ოკუპანტები ე.წ. ახალი საზღვრის გავლებას აპირებენ, საინჟინრო მანქანით მოძრაობდნენ, შეიმჩნეოდა ოკუპანტების გაძლიერებული პატრულირება.

ტეგები: ატოცი დავით ქაცარავა მცოცავი ოკუპაცია რუსეთი ოკუპანტია სოფელი ატოცი
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები