LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტეში 3500 წლის „დაკარგული ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს

147
egipt245

ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორთან ახლოს არქეოლოგებმა 3 500 წლის დაკარგული „ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს. მეცნიერების შეფასებით, ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა. ტუტანხამონის აკლდამა მეფეთა ველზე 1922 წელს ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა.

არქეოლოგების თქმით, ქვიშაში დამალული ანტიკური ქალაქი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფარაონის, ამენჰოტეპ III-ის მეფობის ხანით თარიღდება. ამენჰოტეპ III, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ. დაახლოებით 1386-1351 წლებში მართავდა, ფარაონ ტუტანხამონის ბაბუა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ “ოქროს ქალაქი“ ტუტანხამონის აკლდამის მსგავსად თითქმის ხელუხლებელია, რაც იმას ნიშნავს რომ გათხრების შედეგად მკვლევარები ძვირფას არქეოლოგიურ მასალას მიიღებენ, მათ შორის სამკაულებს, ფერად ჭურჭელს , ამულეტებს , საყოფაცხოვრებო ნივთებს და ა.შ.

ბალტიმორის უნივერსიტეტის პროფესორის, ეგვიპტოლოგ ბეტსი ბრაიანის თქმით, ბოლოს ასეთი მნიშვნელობის აღმოჩენა ერთი საუკუნის წინ ჰოვარდ კარტერმა გააკეთა.

„დაკარგული ოქროს ქალაქი არა მხოლოდ ეგვიპტელთა ცხოვრების სტილის შესახებ მოგვცემს ცნობებს იმპერიის ოქროს ხანაში, არამედ სხვა კითხვებზე პასუხის გაცემაშიც დაგვეხმარება. მაგალითად, შეიძლება გავიგოთ, თუ რატომ გადაიტანეს ეხნატონმა და ნეფერტიტიმ დედაქალაქი ამარნაში.“ – აცხადებს ბრაიანი.

ქალაქის გათხრები 2020 წლის სექტემბერში დაიწყო და არქეოლოგებმა მალევე შეძლეს პირველი კედლების აღმოჩენა. თავიდან მათ ნამდვილად არ იცოდნენ, თუ რამხელა მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთეს. „ოქროს ქალაქში“ სამი სამეფო სასახლეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ქვეყნის კულტურული, ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები