LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძე და ბუკა პეტრიაშვილი: „ბევრი რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ სიყვარული დადგა ყველასა და ყველაფერზე მაღლა…“

760
ekamishveladzebubaoetriashvili

ეკატერინე მიშველაძე და ბუკა პეტრიაშვილი ექვს წელზე მეტია, ერთად არიან და მცირე ხნის წინ „ტვ პირველის“ ეთერში ეკრანზეც ერთად გამოჩნდნენ, პოლიტიკური გადაცემის წამყვანებად.

ბუკასთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო, ეკასთვის კი, კიდევ ერთხელ იმის მტკიცება, რომ მის საყვარელ მამაკაცს არაერთი ტალანტი აქვს.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მათ სიყვარულს ფერი ჯერ არ შეცვლია და ერთმანეთის გაკვირვებისა და აღფრთოვანების უნარიც და შესაძლებლობაც კვლავ მოქმედებს, ამიტომაც ყველგან ერთად სიარული და ყველაფრის ერთად კეთება უხარიათ…

ზოგი ამბობს, რომ ცოლ-ქმრის ერთად მუშაობა კარგი არ არის. ერთობლივად გადაცემის წაყვანის იდეა როგორ დაგებადათ?

ეკა:

ეს იდეა მე, ვატო წერეთელსა და ინგა გრიგოლიას გაგვიჩნდა, რომ ბუკა გადაცემის თანაწამყვანი ყოფილიყო. თავიდა ვფიქრობდით, რომ მე, ინგა და ბუკა უნდა ვყოფილიყავით, იყო სხვა ვერსიებიც, მაგრამ ბოლოს ჩემი და ბუკას ტანდემი გადაწყდა. ცოლი და ქმარი… გადაცემაშიც ერთად… მართალი გითხრათ, თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ კარგი გამოვიდოდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. იმაში ნამდვილად ვიყავი დარწმუნებული, რომ ბუკა, სლენგს თუ მოვიშველიებთ, „გაქაჩავდა“, რადგან სრულიად სხვა ხედვა და სხვა კუთხით მოვლენების დანახვა ძალიან საჭიროა, ეს ისაა, რაც ჟურნალისტებს არ შეგვიძლია. ჩვენი პროფესიონალიზმი სულ სხვა მიმართულებითაა, სხვანაირად ვუყურებთ მოვლენებს. ის კუთხე, საიდანაც ბუკა ხედავს მათ, ძალიან გვჭირდებოდა და ამისთვის მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, კარგი გამოვიდა და როცა ამას ვამბობ, ვიცი, რომ მარტო არ ვარ…

ბუკა:

მიმყავს დილის გადაცემის რუბრიკა „მსოფლიო, როგორც ასეთი“, „ტვ პირველზე“. ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ნელ-ნელა მოვმწიფდი იმისთვის, რომ პოლიტიკურ გადაცემაშიც მეცადა ძალები (იღიმის). როცა ეს იდეა პირველად მოვისმინე, მეც მქონდა გარკვეული სიფრთხილე. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ დამკვიდრდა და ვიტყვი, ასეთი პრეცედენტი, რომ ცოლსა და ქმარს ერთად წაეყვენათ გადაცემა, მსოფლიო მედიაში არ ყოფილა, ეს ინფორმაცია მოვიძიე. ერთი სპორტული რადიოგადაცემაა, თუმცა ჯერ ერთად მიჰყავდა წყვილს და მერე დაქორწინდნენ. ჩვენ კი უკვე ცოლ-ქმარი შევედით ერთად ამ პროექტში. გულწრფელად ვიტყვი, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, რომ მომწონს, მაინტერესებს… ეკამ სწორად აღნიშნა, მე პოლიტიკოსის ტყავშიც მიცხოვრია. არ ვარ ჟურნალისტი ნამდვილად. ჩვენ არ ვართ ერთმანეთის დანამატი. მე ჩემი თვალით ვხედავ, ეკა თავისი პროფესიონალური ჟურნალისტური უნარებით ცნობილია ყველასთვის, ასე რომ, ერთმანეთს ვავსებთ. ასევე ვიტყვი, რომ ამ სიახლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც არ მსმენია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრის მოწონება დაიმსახურა.

პოლიტიკურ გადაცემაში არარესპონდენტად ყოფნა როგორია?

ფრიად საინტერესო გამოდგა!.. შეიძლება ითქვას, რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი რა პასუხს გასცემს ამა თუ იმ კითხვაზე, ამას წინასწარ ვხვდები.

ეკა:

მაგას მეც ვხვდები (იღიმის).

ბუკა:

ბუნებრივია, რომ ეკა სხვანაირ კითხვებს სვამს, მე – სხვანაირს. პოლიტიკის სფეროში გამოწვრთნილი ადამიანისთვის სხვა საკითხებია მნიშვნელოვანი. მე უფრო მირჩევნია, თემა გავშალო, სიღრმეებში წავიდე და დამატებითი შეკითხვით დავაგვირგვინო.

ეკა:

ჩვენი უნარები ძალიან განსხვავებულია. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ზუსტად ვიცი, ბუკა საითკენ წაიყვანს ხოლმე საუბარს, ბუკამ კი იცის, მე რამდენჯერ შემიძლია ერთი და იმავე საკითხის წამოწევა, რომ ბოლოს და ბოლოს, პასუხი მივიღო. ბუკასთვის ეს ჟურნალისტური რაღაცები ზოგჯერ გაუგებარია.

ბუკა:

ამ დროს ვხდები ხოლმე პოლიტიკოსი…

ეკა:

უნდა, რომ ამ დროს ისინი დაიცვას. ძალიან სასაცილოა ეს ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, გადაცემაში არ ვიმჩნევთ. მიმაჩნია, რომ ეს ტანდემი საინტერესოა. აბსოლუტურად განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ მე და ბუკას ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს. ენერგია განსხვავებულია, ტემპორიტმიც.

შინ თუ არჩევთ თემებს, გადაცემის შემდეგ, დაგეგმვისას თუ კამათობთ?

კი, ხშირად. შინ იმ დღეს ვერ ვარჩევთ, რადგან გადაცემას გვიან ვამთავრებთ და ძალიან დაღლილები მოვდივართ. დაგეგმვაზეც ხშირად გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა. ეს არის ჟურნალისტისა და არაჟურნალისტის კამათი. მაგალითად, ბუკას შეუძლია თქვას რომელიმე რესპონდენტზე, ეს საერთოდ რატომ არის საინტერესოო. არადა, იმ მომენტში ძალიან აქტუალურია და საინტერესო, ჟურნალისტურად…

ბუკა:

მივიჩნევ, რომ ამა თუ იმ მომენტში პოლიტიკოსის წინა პლანზე წამოწევა, როცა ის თავად არ ქმნის თემას და საზოგადოებას არაფერ საინტერესოს არ სთავაზობს, არ არის სწორი. ვერ ვხვდები და არანაირად არ მაინტერესებს. საბოლოოდ, შეიძლება გადაწყდეს ასეთი რესპონდენტის ეთერში მოყვანა. აქ ორი ვარიანტია: ან სრულიად პასიურ რეჟიმში გადავალ, ან ყველაფერს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ადამიანს ეთერში არაფერი ესაქმებოდა…

მოკლედ, ზოგჯერ თქვენ ირგებთ ხოლმე „ცუდი პოლიციელის“ როლს.

ეკა:

ყოფილა შემთხვევა, როცა მეც არ ვეთანხმები სტუმრების შემადგენლობას… როცა გვაქვს პოლემიკა იმაზე, ვინ მოვიყვანოთ და ვინ – არა, მით უმეტეს, პროდიუსერებიც ქალები არიან და ჟურნალისტები, პრინციპში ყოველთვის მივდივართ სწორ გადაწყვეტილებამდე.

მინდა გკითხოთ თქვენს გამორჩეულ ჩაცმის სტილზე, რომელიც გადაცემაში გაქვთ. თქვენს გარდერობზე ვინ ზრუნავს?

მე თვითონ ვზრუნავ (იღიმის).

ბუკა:

თუმცა მე შემომთავაზებს ხოლმე გადაცემისთვის ჩაცმულობის რამდენიმე ვარიანტს და თანამონაწილე ვარ შერჩევისას.

ეკა:

მამაკაცის თვალი სხვა არის. მით უმეტეს, როცა ეს კაცი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ვიცი, რომ კარგ რჩევას მომცემს. ჩემი სატელევიზიო კარიერის განმავლობაში სულ თავად ვარჩევდი, ახლა მე ვყიდულობ კიდეც, თუ მაქვს შესაძლებლობა… ასევე მყავს მკერავი, ვარჩევ ხოლმე მოდელს და ის არაჩვეულებრივად ასრულებს.

მას შემდეგ, რაც ერთად მუშაობა დაიწყეთ, ერთმანეთში ახალი უნარები აღმოაჩინეთ?

ბუკა:

ერთ რამეს ვიტყვი – ოჯახში, პრინციპში, საერთო სივრცე დაბალანსებულია, ფუნქციები, როლი, წონა, სიტყვის კვოტა თანაბრად არის გათვალისწინებული ორივესთვის. რაც ჟურნალისტურ სიბრტყეში და ამ გადაცემაში გამოვჩნდი, პერიოდულად ეკას ლიდერის თვისებები მოდის წინ (იცინიან). პოლიტიკოსის გარდა, დიპლომატიც ვიყავი და თავიდან გამიჭირდა ფეხის აწყობა, მაგრამ ახლა უფრო მოვყოჩაღდი, გავაქტიურდი და გადაცემაც უფრო ცოცხალი და ინტენსიური გახდა. ეკას აქვს ლიდერის თვისებები ნამდვილად. სახლში ბალანსი გვიჭირავს და გადაცემაში, რომელიც მისი იყო, მე თავიდან მიწვეულ პოლიტიკურ მიმომხილველად შევედი…

ეკა:

ახლა მე ვიტყვი, სინამდვილეში როგორი იყო… გადაცემას ხომ სჭირდება თავისი ტემპი და დინამიკა?!. ბუკა ბუნებითაც მშვიდი ადამიანია, მე კი მინდა, ჟურნალისტური სისხარტე და ტემპი არ დავკარგო, თორემ კი არ ვჩაგრავ?! (იცინიან).ბუკა რომ კითხვას დასვამს, მე მას ვერასდროს მოვიფიქრებ… ვერც მე და ვერც სხვა ჟურნალისტი.

სხვათა შორის, მასში ახალი თვისებები არ აღმომიჩენია, ისედაც ვიცოდი ეს ყველაფერი. ბუკამ ძალიან მალე აუღო ყველაფერს. რასაც ახლა ამბობს, ეკა იგდებდა ინიციატივას ხელშიო, ამის მიზეზსაც მალე მიხვდა. ახლა ხანდახან ისე მიაყრის ხოლმე კითხვებს, გაკვირვებული გავხედავ ხოლმე, მეც მალაპარაკეთ-მეთქი…

რამდენი წელია, ერთად ხართ? საინტერესოა, რაზე დგას თქვენი ოჯახის სიმყარე?

ბუკა:

ერთად ვართ, უკვე ექვსი წელია. ჩვენი ოჯახის სიმყარე დგას უმთავრესზე – სიყვარულზე. ბუნებრივია, სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ბევრი რთული მომენტი, პერიოდი და სიტუაცია, მაგრამ სიყვარული იდგა ყველასა და ყველაფერზე მაღლა. ამან შეგვიქმნა ფუნდამენტი, ბაზისი, რაც შემდეგ სხვა ნებისმიერ პრობლემასა და ბარიერს გადაგვალახინებდა ხოლმე. სიყვარული განაპირობებს ურთიერთპატივისცემას. ვინაიდან ერთმანეთი ძალიან ძვირფასია, შეიძლება, როლში შევიდე, მაგრამ რუსეთის დელეგაციასთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე არ წარმოვიდგენ ხოლმე თავს და დათმობის სურვილიც უფრო მეტია, მივდივართ საერთო გადაწყვეტილებამდე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლისზე დილის გამამხნევებელ ვარჯიშებზე ვართ. სიყვარული არის ყველაზე დიდი სიმყარის გარანტი და საფუძველი ჩვენს ოჯახურ ყოფაში.

ეკა:

სიყვარული მთავარია და ის განსაზღვრავს ყველაფერს. ბუკამ ისე კარგად თქვა, მე რაღა დავამატო?! ყველაფერში ვეთანხმები.

ვიცი, რომ ძალიან გიყვართ შვილებთან ერთად ოჯახური შეკრებები. ალბათ, პანდემიამ ეს ფუფუნება მოგაკლოთ.

შეკრებებმა მოიკლო, რა თქმა უნდა. როცა პიკური ვითარება იყო, შვილებსაც ვერიდებოდით და მშობლებს, განსაკუთრებით. მაინც ვახერხებთ შეკრებას, თუმცა უფრო იშვიათად, როცა სიმშვიდეა და ვირუსის აქტიური გავრცელება არ მიმდინარეობს, უფრო მეტად დღესასწაულებზე.

ძალიან გვაკლია მეგობრებთან ურთიერთობა. იზოლაციაში ყოფნა პირადად ჩემთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა. არ შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობების გარეშე. მაკლია ბევრი ხალხი ერთად, ჩემი მეგობრების ხშირი ნახვა. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. სულ ვშიშობ, რომ ის ძველი დრო აღარ დაბრუნდება…

ბუკა:

ნამდვილად დაგვაკლდა შვილებთან ერთად შეკრების შესაძლებლობა. ამ მხრივ ძალიან შევიზღუდეთ. ამას რაღაც პერიოდი ძალიან დიდი გაგებით ვეკიდებოდით. ჩვენი მშობლებიც ასაკში არიან და ვერიდებოდით. ისეთი სამსახური გვაქვს, რომ გვიწევს ბევრ ადამიანთან შეხება. არ გვინდოდა, რომ თუკი ეს ინფექცია შეგვეყრებოდა, ჩვენ ვყოფილიყავით გავრცელების წყარო. ახალ წელს შევკრიბეთ შვილები, სიძეები.  დავიბედეთ ერთად ყოფნა. ინდივიდუალურ ჯგუფებად ხან ერთს ამოვიტყუებთ ხოლმე, ხან – მეორეს.

საერთო ინტერესებზე გკითხავთ, გადაცემის, პოლიტიკის და ლისზე ვარჯიშის მიღმა… რისი კეთება გიყვართ ერთად?

ეკა:

გაგიკვირდება და ყველაფრის ერთად კეთება გვიყვარს. მეგობრებთან ერთად დავდივართ, ვვარჯიშობთ, ლისზე იმიტომ დავდივართ, რომ აუზები დახურულია, ფიზიკური აქტივობა გვჭირდება და გვიყვარს, 6-9 კილომეტრს დავდივართ, კვირაში მინიმუმ სამჯერ…

ბუკა:

ზუსტად გუშინ ვსაუბრობდით მე და ეკა… ჩვენ ძალიან გვიყვარს კინოსა და თეატრში ერთად სიარული. ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ახლა „ოსკარის“ ცერემონია ახლოვდება და ძალიან განვიცდით, რომ კინოში ყველა ფილმს ვერ ვნახავთ, რაც წარდგენილია…

მეგობრებთან სულ ერთად დავდივართ, იშვიათად ხდება, რომ ცალ-ცალკე წავიდეთ. სულ ერთად ვართ, რადგან გვიხარია, თორემ მარკა კი არ არის. მადლობა ღმერთს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ასე გვიხარია ერთმანეთთან ყოფნა. არ გვაქვს ის განცდა, წადი შენ ბიჭებთან ერთად, შენ – შენს გოგონებთან და საღამოს შევიკრიბოთ სახლში. ასეც მომხდარა, მაგრამ უფრო ერთად წასვლას ვანიჭებთ უპირატესობას.

ეკა:

ასევე დაგვაკლდა მოგზაურობა. ვახერხებდით ერთად საზღვარგარეთ წასვლას, რაც, რასაკვირველია, ახლა შეუძლებელია.

წლების გასვლის შემდეგ ერთმანეთით აღფრთოვანება წყვილს შორის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თქვენ რითი აკვირვებთ ერთმანეთს?

მე ისევ ისე ვარ, როგორც თავიდან, პირველ წლებში ვიყავი. ექვს წელზე ცოტა მეტი გავიდა, მაგრამ ეს არ არის დიდი დრო. ძალიან მიყვარს ბუკასთან ერთად ყოფნა. ჩემთვის საინტერესო ადამიანია. ბუკა ძალიან კარგი მთხრობელია. როცა რაღაცას ჰყვება, ისე მომწონს მისი იუმორი და ისეთი ინტერესითა და ყურადღებით ვუსმენ, ვუყურებ აღფრთოვანებული, ხანდახან მეგობრები მეკითხებიან ხოლმე, რა იყო, პირველად უსმენო?! დღემდე მაკვირვებს მისი გულისხმიერება და ყურადღება, ჩემზე არაფერს ვამბობ, ყველას მიმართ. ჩვენმა სიყვარულმა ფერი არ იცვალა და დარწმუნებული ვარ, სულ ასე იქნება.

ბუკა:

რასაკვირველია, სულ აღმაფრენით ვერ იქნები, თუმცა, რაც დრო გადის, როგორც კარგი კონიაკი ძველდება და კარგი ხდება, ჩვენი ურთიერთობაც ასეთივეა. ჩვენს საერთო ყულაბაში ერთი საინტერესო თვისებაც შემოვიდა, ეკას შესანიშნავი ინტუიცია, რაც მე არ მაქვს. ძალიან უბრალო სიტუაციაში ისეთ რაღაცას იგრძნობს, დაარეგისტრირებს და დააფიქსირებს, სულ მიკვირს ხოლმე, როგორ ახერხებს ამას. გულწრფელად ვამბობ, ეკას ჩემს ცხოვრებაში გაჩენით ნამდვილი თანამოაზრე გაჩნდა, რომელთანაც მიხარია აზრის გაზიარება, მსჯელობა და ისეთი სერიოზული კამათიც კი, რომ შეიძლება, ლისზე პაპარაცებიც კი ამოვიდნენ ერთ დღეს, მაგრამ ამ კამათიდან გამოგვყავს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ოჯახს ეხება. ისე არ ხდება, რომ რომელიმე ერთი წყვეტს მხოლოდ. მიხარია, რომ ეკას ცხოვრებისეული გეგმები, ან ჩემი, მუდმივად გამოგვაქვს სამსჯელოდ. თუკი იდეა მომდის, პირველს ეკას ვუზიარებ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ, გარდა სხვა თვისებებისა და არაჩვეულებრივი გარეგნობის გამო, რითაც ეკაა დაჯილდოვებული. რეალურად, კარგი მრჩეველი, მოპაექრე მყავს გვერდით.

ეკა:

ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე, ვმსჯელობთ და ვკამათობთ კიდეც, რაც პირად ოჯახურ ცხოვრებას, ზოგად ხედვებს ეხება. წყვილი ამით არის საინტერესო და წარმატებული, როდესაც ეს უნარი აქვს, როცა არიან ერთმანეთის პარტნიორები და მეგობრები, არა მხოლოდ შეყვარებულები. ჩვენ გვაქვს ეს ბედნიერება, ღვთის წყალობით, რაც ძალიან გვიხარია.

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები