ეკონომიკის მინისტრი ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კინზინგერი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რაც შეიძლება მალე ჩადონ ამერიკული ინვესტიციები ანაკლიის პორტის პროექტში.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა იზიარებს კინზინგერის შეფასებას, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტია.

„ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, სწორედ ამ პროექტის სტრატეგიულობით აიხსნება ის მხარდამჭერი მიდგომა, რასაც ხელისუფლება აქამდეც იჩენდა ამ პროექტის მიმართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გაგრძელდეს. ამაზე მქონდა საუბარი, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, მივუბრუნდებით ტენდერის ორგანიზების პროცესს“, – აღნიშნა თურნავამ და დასძინა, რომ მისი უწყება მზადაა, თუკი რამე გაურკვევლობის შეგრძნება დარჩა, დამატებით ინფორმაცია მიაწოდოს ამერიკელ კონგრესმენს.

„მაგრამ ვფიქრობ, არაფერია აქ გაურკვეველი, ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ კონტრიბუციას ვთავაზობთ პოტენციურ ინვესტორებს ამ პროექტში და ყოფილ ინვესტორებსაც ვთავაზობდით:  ეს იყო მიწის გადაცება, ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აშენების ჩვენ თავზე აღება, იურიდიული მხარდაჭერა, ა.შ. ჩვენ ახლაც კვლავ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საფინანსო ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ კონსულტაცია გაგვიწიონ ტენდერის ხელახლა, გამჭვირვალედ ორგანიზებაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05