LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა

50754242_2106984509391197_6386318959846621184_n

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.

უწყების ცნობითვე,  საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (68.6 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა).

2019 წლის რეიტინგი შემდეგი 4 მიმართულებით აფასებს: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან გაუმჯობესებულია 5 კომპონენტში: საკუთრების უფლება (65,9 ქულა), მთავრობის დანახარჯები (73,6 ქულა), საგადასახადო ტვირთი (87,1 ქულა), ფისკალური მდგრადობა (93,9 ქულა) და ფინანსური თავისუფლება (70 ქულა).

საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ლუქსემბურგი, შვედეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, გერმანია, ნორვეგია, ისრაელი, ყატარი, კორეა, იაპონია, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, სომხეთი, სლოვენია, აზერბაიჯანი, უნგრეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, საფრანგეთი, იტალია, მოლდოვა, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სხვა.

„Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2019 წლის კვლევის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: განახორციელა არაერთი რეფორმა ქვეყანაში წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, შემცირდა და გამარტივდა რეგულაციები, ქვეყანა გადავიდა ღია ბაზრის პოლიტიკაზე, განვითარდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. რეგულაციების, საგადასახადო ტვირთის და კორუფციის შემდგომი შემცირება ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში და სტიმულს მისცემს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. ანგარიში პოზიტიურ შეფასებას უკეთებს ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობასა და ფისკალურ სიჯანსაღეს, ისევე, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას.

რეიტინგში ხაზგასმულია, რომ საქართველოში საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუხებელია, სახელმწიფომ გაამარტივა ქონების რეგისტრაციის პროცედურები, ქვეყნის კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულია დამოუკიდებელი სასამართლო“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, რეიტინგის თანხმად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წვრილმან კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში, ასევე პოზიტიურად ფასდება ქვეყანაში მთავრობის ზომის შემცირება, საგადასახადო ტვირთი და ფისკალური თავისუფლება.

რეიტინგი პოზიტიურად აფასებს საქართველოში რეგულაციების ეფექტიანობას, კერძოდ, ანგარიშის თანხმად ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ლიბერალური ბიზნესგარემოა, რომელიც დაფუძნებულია ეკონომიკური საქმიანობის თავისუფალ არჩევანზე. ბიზნესის დასაწყებად მინიმალური დრო და პროცედურაა საჭირო. ასევე, სამუშაო ძალის დაქირავება ბიზნესისთვის მძიმე ტვირთს არ წარმოადგენს, თუმცა, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის ბაზრის დინამიურობა. სახელმწიფო ზრდის სუბსიდიებს ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის, ასევე, სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები