LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ENEMO საქართველოში სადამკვირვებლო მისიას იწყებს – ქსელის 6 წევრი არჩევნების პროცესს თბილისში დააკვირდება

120
1

არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი (ENEMO) საქართველოში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას იწყებს.

მისია შედგება გუნდის 6 ძირითადი წევრისგან, რომლებიც ბაზირებული იქნებიან თბილისში.

არჩევნების ძირითადი ასპექტების მონიტორინგისა და ანგარიშების მეშვეობით, მისიის ფარგლებში, ENEMO-ს მიზანია გაზარდოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და შეაფასოს მისი შესაბამისობა და ინტეგრირების ხარისხი დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან და ქართულ კანონმდებლობასთან.

ასევე, არჩევნების წინა დღეს, 20 მოკლევადიანი დამკვირვებელი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გაიგზავნება. ისინი დააკვირდებიან და შეაფასებენ უბნების გახსნას, ხმის მიცემას, დათვლას და აღრიცხვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“ENEMO-ს არჩევნების სადამკვირებლო მისია დააკვირდება, შეაფასებს და წარმოადგენს ანგარიშს ზოგადი პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს, არჩევანის თავისუფლების პატივისცემის, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის უფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებების, პოლიტიკური კამპანიის, გენდერული თანასწორობის, ხმის მიცემის და დათვლის პროცესის, საარჩევნო დავების გადაწყვეტისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.

ENEMO მოქმედებს არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით. ENEMO-მ ხელი მოაწერა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო დეკლარაციას და თითოეული დამკვირვებელი ხელს აწერს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსს”, – აღნიშნულია ქსელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ENEMO მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მხარეებთან, რომელთა ღირებულებები და პრიორიტეტები ქსელთან შესაბამისობაშია, იცავენ ადამიანის უფლებებს და მხარს უჭერენ დემოკრატიის გაძლიერებას.

სადამკვირვებლო მისია შეხვდება შესაბამის მხარეებს, უწყებების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მედიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მიმდინარე პროცესების ყოვლისმომცველი სურათი მიიღოს.

ENEMO გეგმავს განცხადების გავრცელებას არჩევნების დღესთან დაკავშირებული პროცესების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ, ასევე გამოაქვეყნებს შემაჯამებელ ანგარიშს, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს საარჩევნო სფეროს გაუმჯობესებისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს არის ENEMO-ს 36-ე საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, მათ შორის, საქართველოში – მეორე.

მისიის ძირითადმა გუნდმა საარჩევნო გარემოს შესწავლა სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო, ქვეყანაში კი 17 სექტემბერს ჩამოვიდა.

პროექტი “საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირებლო მისიის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას”, რომელიც 2021 წლის 8 სექტემბერს დაიწყო და 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, სლოვაკეთის რესპუბლიკის დაფინანსებით ხორციელდება.