LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენიო მორიკონეს ბრწყინვალე კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ – მიმოხილვა (ფოტოები)

164

იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი, რომელიც მსოფლიო ტურნეთი 60-წლიან შესანიშნავ მუსიკალურ კარიერას აღნიშნავს, საქართველოს ეწვია. 18 მაისს ის ბათუმის აეროპორტში ჩაფრინდა და შეკვეთილის სასტუმროსკენ აიღო გეზი. 121-კაციან გუნდთან ერთად, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, რომის სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაც შედიოდა, „პარაგრაფში“ დაბინავდა. მაესტრო მორიკონე საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის შესახებ უამრავი შეკითხვა ჰქონდა, ანბანით დაწყებული, ისტორიით დასრულებული. თავად მაესტრო ძალიან მოიხიბლა შეკვეთილის ბუნებითა და ზღვით, მისი გუნდი კი „ბლექ სი არენას“ უსაზღვრო ტექნიკური შესაძლებლობებით, მით უმეტეს, რომ არენის გუნდმა ურთულესი ტექნიკური მოთხოვნების სია სრული სიზუსტით შეასრულა და უცხოურ მხარეს სასაყვედურო არაფერი დაუტოვა.

კონცერტის რეპერტუარი თავად მაესტრომ შეარჩია. ცნობილია, რომ ის, როგორც ყველა დიდი ხელოვანი, თავისებურებებით გამოირჩევა. ერთ-ერთი კი ისაა, რომ ენიო მორიკონეს პრინციპული დამოკიდებულება აქვს კონცერტებზე რეპერტუარის არჩევისას და ამას მხოლოდ საკუთარი ინიციატივით აკეთებს. ქართველი მსმენელისადმი გამოგზავნილ მიმართვაში 90 წლის მუსიკოსმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ რეპერტუარის ყველა კომპოზიცია თავად შეარჩია დიდი დაკვირვებით და კონცერტზე მსმენელი მოისმენდა როგორც მისთვის ნაცნობ, ასევე შედარბეით უცნობ ნაწარმოებებსაც კინოფილმებიდან.

საგულისხმოა, რომ „ბლექ სი არენას“ დიდ სცენაზე ენიო მორიკონესა და რომის სომფინიურთან ერთად ქართველებიც გამოვიდნენ, თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდი 70-კაციანი შემადგენლობით, რომელსაც მაესტროს პირადი მუსიკალური ასისტენტი, სტეფანო კუჩი ხელმძღვანელობდა.

კონცერტი ორი განყოფილებისგან შედგებოდა. რეპერტუარში შედიოდა ენიო მორიკონეს ნამუშევრები: The Legend of 1900, Bugsy, H2S, Uno che grida amore, Baaria, Tarantella, Nostromo, Tropical Variation, Silver of the mine, The man with the armonica, The fortress, The good, the bad and the ugly, The Ecstasy of the gold, Nuovo Cinema Paradiso, Luz Prodigiosa, The battle of Algeris, Sacco and Vanzetti, Investigation of a citizen above suspicion, Sostiene Pereira, The working class goes to heaven, Casualties of war, Abolicao, Gabriel’s oboe, Falls, On Earth as it is on Heaven.

მაესტრო მორიკონეს გვერდს უმშვენებდა ორი ბრწყინვალე მომღერალი, სოპრანო Susanna Rigacci და ფადოს შემსრულებელი, Dulce Pontes, რომელმაც დარბაზის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.

ორგანყოფილებიანი კონცერტის განმავლობაში ენიო მორიკონეს, რომელიც თავად დირიჟორობდა ორკესტრს, არაერთხელ წამოუდგა ფეხზე მსმენელი, ხანგრძლივი იყო ოვაციები მაშინ, როცა პირველი განყოფილება დასრულდა და ასევე ბოლოსაც, როცა მაესტრო ბისზე ოთხჯერ გამოვიდა!..

„ბლექ სი არენაზე“ შესანიშნავი ხმა იდგა, შესაბამისად, მსმენელს დეტალურად შეეძლო, შეეგრძნო თითოეული ნოტი, რომელსაც სცენაზე მდგარი უამრავი ადამიანი ერთიან სულ შთაბერავდა, ენიო მორიკონეს სადირიჟორო ჯოხი კი მას მიმართულებას მისცემდა პირდაპირ დარბაზში მსხდომი მსმენელის გულებისკენ…

მაესტრო მორიკონე საქართველოს საუკეთესო შთაბეჭდილებებით დაემშვიდობა და საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც „ბლექ სი არენაზეა“ გადაღებული წარწერით: „მადლობა, ჯორჯია“.

კონცერტის შემდეგ ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარეს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი:

„ბლექ სი არენას“ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ღირსეული გახსნა გვქონდა, მაესტრო მორიკონესთან ერთად თბილისის ოპერის გუნდი იდგა და ვფიქრობ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, მოვისმინეთ ცოცხალი კლასიკოსისგან სწორედ ის მუსიკა, რომელიც ძალიან გვიყვარს, უმაღლესი შესრულებით, დარბაზში ხმაც ძალიან კარგი იყო.

მინდა აღვნიშნო, რომ წელს არაერთი ძალიან კარგი კონცერტი გვექნება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაშ, ისევე, როგორც ესტრადისა და შოუბიზნესის განვითარებას.

ანი კავლელიშვილი:

ვფიქრობ, ეს მართლაც დაუვიწყარი კონცერტი იყო. დიდი სიხარულია, რომ ქვეყანას ასეთი დონის მუსიკოსი ესტუმრება, ლეგენდა საქართველოში ჩამოვიდა და კონცერტი შედგა. ეს იყო ხანგრძლივი დუმილი, რადგან დარბაზი უსმენდა ენიო მორიკონეს გენიალურ ნაწარმოებებს. იყო ოთხი ბისი, მაესტროს სახლში არ უშვებდნენ და რომ მოეცათ საშუალება, ალბათ, კიდევ ვიდგებოდით დიდხანს  ფეხზე და დავუკრავდით ტაშს ბრწყინვალე მუსიკოსს, რომელიც „ბლექ სი არენას“ სტუმრობდა…

შეგახსენებთ, რომ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართული ენიო მორიკონეს კონცერტით „ბლექ სი არენას“ 2018 წლის, რიგით მესამე სეზონი გაიხსნა. ყველა ღონისძიება, რომელიც „ჩექ ინ ჯორჯიას“ ეგიდით იმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფოტო: გიორგი შერმაზანაშვილი

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები