LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექიმები ბევრ კლინიკაში ერთად მუშაობენ, ეს სამედიცინო შეცდომის რისკს ზრდის”

207

მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, მხოლოდ მაღალკვალიფიციური კლინიკები მოემსახურება.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, ამ ცვლილების შედეგად, სამედიცინო მომსახურების ხარისხი უნდა გაიზარდოს.

მისივე თქმით, ამის გამო, მომავალი წლიდან, კარგ კლინიკებს უფრო მეტი მოცულობის სამუშაო ექნება შესასრულებელი, მეტი დატვირთვა ექნებათ ექიმებს, შესაბამისად, გაიზრდება მათი ანაზღაურება და “აღარ ექნებათ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში სირბილის აუცილებლობა”.

“ფაქტია, რომ დღევანდელ სიტუაციაში არის უფრო მეტი კლინიკა, ვიდრე მაღალკვალიფიციური ექიმი. შესაბამისად, ეს მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ ბევრ კლინიკაში ერთად. ამის გამო, ისინი შესაძოა რეკომენდებული სამუშაო საათების ხანგრძლივობას აჭარბებდნენ. ცნობილია, რომ ეს სამედიცინო შეცდომის რისკს ზრდის.

სელექტიური კონტრაქტირება და დონეებად დაყოფა სამშობიაროების შემთხვევაში უკვე გაკეთდა და გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა პროფილების მიხედვით.

პაციენტი არ უნდა ელოდოს ქალაქის ერთი ბოლოდონ მეორე ბოლოში შესაბამისი კონსულტანტის გამოძახებას. პაციენტისთვის ზოგჯერ წუთებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მეორე მხრივ პაციენტის კმაყოფილება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ძირითადი არსი იმ რეფორმებისა, რომელიც მომავალ წლებში საყოველთაო ჯანდაცვაში ჩატარდება. ამისთვის შეიცვლება დაფინანსების მეთოდი ანუ გადავალთ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსებაზე და გადავალთ შერჩევით კონტრაქტირებაზე“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

ზოიძემ ყურადღება გაამახვილა პრობლემაზე, რომელიც ექიმის ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობას უკავშირდება.

“ბოლო ორ წელიწადში 64 კლინიკა მხოლოდ თბილისში გაიხსნა. ამდენი მაღალკვალიფიციური ექიმი არ არის. ამის გამო ძირითად ექიმებად 20 ადგილას მუშაობენ და როცა პაციენტი კლინიკაში მიდის, იმ პროფილის ექიმი მხოლოდ ერთია, რომელიც ამ დროს შეიძლება სხვა ქალაქში იყოს.

ექიმებს იმის პირობები უნდა შევუქმნათ, რომ მათ არ ჰქონდეთ ბევრ ადგილას, ზენორმირებულად მუშაობის აუცილებლობა, თავიანთი თუ პაციენტების ჯანმრთელობის საზიანოდ. გამოსავალი სელექტიურ კონტრატირებაში მდგომარეობს. პირდაპირ ვამბობ, კლინიკების ნაწილი არის საამქროები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ფულის გადამუშავებაზეა ორიეტირებული, აი ასეთი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა ამოვიდეს“, – აღნიშნა ზოიძემ.

ზოიძემ, ასევე, ოპერაციების განსხვავებულ და მაღალ ტარიფებზე ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცვლილებების შედეგად, ტარიფებიც უნდა დაბალანსდეს.

“უნდა შემოვიდეს დაფინანსების ისეთი მეთოდი, რომელიც უფრო სამართლიანია იმ კუთხით, რომ მიბმულია კონკრეტულ რესურსტევადობაზე. დღეს შეიძლება მაგალითად, აპენდიციტის ოპერაცია ერთ კლინიკაში 1000 ლარი ღირდეს, ხოლო მეორეში – 5 000 ლარი. ასეთი განსხვავება აღარ იქნება. იქნება უფრო სამართლიანად ანუ რეალურად კონკრეტულ ოპერაციაში რამდენიც იხარჯება, ტარიფები იმის მიხედვით იქნება დათვლილი, რომელსაც პაციენტი გადაიხდის.

120 ქვეყანაში კერძო კლინიკებს უდგენენ ტარიფებს. მე კლინიკებს ვეუბნები: – თუ გინდათ, რომ გქონდეთ კონტრაქტი საყოველთაო ჯანდაცვაში, აი, ამ ტარიფით მოემსახურებით, ხოლო თუ არ გნებავთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები